მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ლეონი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი, განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულთა კურნებისა და სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპოსკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და, სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა მანამდის მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფეო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავისი ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია:ზოგმა ფეხების ბაკუნიც დაიწყო, ზოგმა-უაზრო ხარხარი, სხვები საშინელმა მრისხანებამ შეიპყრო. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპოსკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ღირსი ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისათვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურგია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.

წმიდანი მოხუცებულობაში მიიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან, ღვთის სადიდებლად, კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.