მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გიორგი
წმიდა გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი (802-811)

წმიდა გიორგი, ამასტრიდიელი ეპისკოპოსი შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს შვილი არ ეძლეოდათ და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილი იქნა;უკვე ხანში შესულებს, ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდმო მიენიშნათ მემკვიდრის სახელიც-გიორგი.

მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მიაღებინეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიარწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დამკვიდრდა და კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ მღვდემთავრად იქნა ხელდასმული.

უფალმა სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები.

წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე 1-ის(808-811) ზეობისას, 3 მარტს.