მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ცხრა კოლაელი ყრმა
ცხრანი ყრმანი კოლაელნი:გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი-კოლაში, მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (მე-6)

ცხრა კოლაელი ყრმა. მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა სოფელი კოლა. იქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმრავლესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. მათ აედევნებოდნენ წარმართი ყრმები, რიცხვით ცხრანი-გუარამი, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი. ეკლესიის კარებთან ბავშვებს აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ:“ თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ-არს შემოსულაი თქუენი სახლსა ღმერთისასა“.

ქრისტიანებმა მათ აუხსნეს:“უკუეთუ გნებავთ შემოსვლად ჩუენ თანად ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტეი და ნათელ-იღეთ სახელისა მისისა მიმართ და ეზიარეთ საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტიანეთა“

ყრმებმა სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული:წყალი გათბა და ბავშვებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზებისაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ.

მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა -გინებით მიიყვანეს სახლში.

ბავშვებმა გმირულად აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, 7 დღე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ:“ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც ლამაზმა ტანსაცმელმა, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანები ვართ და არარაი გუამს თქუენგან, არამედ განგეტევენით და წარვიდეთ ქრისტიანთა თანა“,-ითხოვდნენ ისინი.

შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა:“ შვილნი თქუენნი არიან, ხელმწიფებაი გაქუს, უყავთ რაიცა გნებავს“. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის უფლება ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და მისთვისცა მოვწყდებით და მოვკუდებით, რომლის მიმართ ნათელ-ვიღეთ“-ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ხალხმაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ გაინაწილეს.

ეს ამბავი მოხდა მე-6 საუკუნის სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.