მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარინე და კირა
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარინე და კირა, ღვიძლი დები, მე-4 საუკუნეში ცხოვრობდნენ ქალაქ ბერიაში(მცირე აზია). როცა სრულწლოვანებას მიაღწიეს, მათ დატოვეს მდიდარი და წარჩინებული მშობლების ოჯახი და ქალაქიდან გავიდნენ. წმიდანებმა მიწის ერთ მცირე ნაკვეთს შემოავლეს ზღუდე, შესასვლელი თიხითა და ქვებით ამოავსეს და მხოლოდ მცირე ჭრილი დატოვეს, საიდანაც კეთილი ადამიანები მწირ საზრდელს აწვდიდნენ. ასე ღია ცის ქვეშ ატარებდნენ ნეტარი დები დღეებს, სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდნენ, შიმშილსაც მოთმინებით იტანდნენ: სამი წლის განმავლობაში 40 დღეში ერთხელღა ჭამდნენ. წმიდა დების ცხოვრებას კარგად იცნობდა ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი: დები პატივს მიაგებდნენ მღვდელმთავრის ხარისხს და მხოლოდ მას უშვებდნენ თავის საცხოვრისში. ნეტარი მამა საუბრობდა ხოლმე წმიდანებთნ და ურჩევდა, მოეხსნათ ბორკილები, რომლებიც ისე მძიმე იყო, რომ კირა გამართვასაც ვერ ახერხებდა და მუდამ წელში მოხრილი დადიოდა. ასე მოსაგრეობდნენ წმიდა დები 40 წლის განმავლობაში. დაყუდებიდან ისინი სულ ორჯერ გამოვიდნენ: მაცხოვრის ცხოველმყოფელი საფლავის თაყვანსაცემად და წმიდა პირველმოწამე თეკლას საფლავის მოსალოცად. წმიდანები მიიცვალნენ დაახლოებით 450 წელს.