მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი აღათონ მეგვიპტელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი აღათონ მეგვიპტელი  მაკარი დიდის(ხს.19 იანვარს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს:-„შენ ხარ მამა აღათონი?“-„თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა“,-უპასუხა ღირსმა მამამ, -„ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ“,-გააგრძელეს ბერებმა.-„სრული ჭეშმარიტებაა“;-მიუგო წმიდანმა.-„კიდევ ამბობენ, რომ მატყუარა ხარ და სხვებს განიკითხავ“.-„ესეც მართალია“- დაუდასტურა მან.-„თურმე ერეტიკოსიც ყოფილხარ“,-არ ცხრებოდნენ ბერები.-„ეგ კი ტყუილია“-იუარა წმიდა აღათონმა და დასძინა,-„ყოველი ადამიანი ცოდვის შვილია, ბუნებითაა მიდრეკილი ბოროტისაკენ, ამიტომ არანაირი ცოდვა ჩვენთვის უცხო არაა, მაგრამ ერესი?-ეს ხომ შეგნებული უარყოფაა ღვთის ჭეშმარიტებისა.“

როცა ღირს აღათონს ჰკითხეს, რომელი ღვაწლია უკეთესი ცხონებისათვის-გარეგნული თუ შინაგანი,მან მიუგო-„ადამიანი ხეს ჰგავს, გარეგან ხორციელ საქმიანობას გამოაქვს ფოთლები, სულიერს ნაყოფი. წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედუას“, აქედან ცხადია, რომ უპირველესი ნაყოფი, სულიერი ღვაწლი, მაგრამ ხეს ამ ნაყოფის დასაცავად ფოთლების სჭირდება“.

ღირსი აღათონი გარდაიცვალა 436 წელს. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში მდუმარე და ჩაფიქრებული იჯდა. ბერებს უთხრა, საკუთარ თავს ვხედავო უფლის სამსჯავროზე. –„ნუთუ შენც გეშინია, მამაო?’-ჰკითხეს.-„მე მთელი ჩემი შეძლებით აღვასრულებდი ღვთის მცნებებს,მაგრამ შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ უფალს სათნოეყო ჩემი საქმენი? ვერ დავიჯერებ, სანამ არ ვიხილავ ღმერთს-ერთია ადამიანთა სამსჯავრო და სულ სხვაა ღვთის სამსჯავრო“-უპასუხა წმიდანმა და აღესრულა.