მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ბასილისკო პონტოს ამასეაში აღესრულნენ 308 წელს.

ძმები-ევტროპი და კლეონიკე და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის(ხს. 17 თებერვალს) ძმისწული ბასილიკო მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

ამასიის ახალმა მმართველმა ასკლიპიოდიტემ თავისთან დაიბარა ქრისტეს ერთგული აღმსარებლები. მისი ბრძანებით მოწამენი სასტიკად სცემეს. წამების დროს წმიდა ევპროტი ხმამაღლა ლოცულობდა:“მოგვეც უფალო, ძალი დათმენისა, მოგვგვარე გვირგვინი მოწამეობრივი და მოვედ შემწედ ჩვენდა, ვითარცა მოხვედ მონისა შენისა თეოდორეს თანა“.  ლოცვის პასუხად მოწამეებს თავად უფალი გამოეცხადა ანგელოზებთან ერთადდა დიდმოწამე თეოდორე ტირონთან ერთად და დახმარება აღუთქვა მათ.

ეს გამოცხადება იხილეს წმიდა მოწამეებთან მყოფმა ჯარისკაცებმა და ასაკლიპიოტიდეს წამების შეწყვეტა სთხოვეს. მმართველი შეშინდა და ქრისტიანთა გაყვანა ბრძანა, შემდეგ ევტროპი მოიხმა და ურჩია, წარმართული ღმერთებისათვის სახალხოდ შეეწირა მსხვერპლი, გულში კი ქრისტიანად დარჩენილიყო. წმიდანმა უარი განაცხადა.

მეორე დღეს წმიდა მოწამენი წარმართულ ტაძართან მიიყვანეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. ევტროპიმ ლოცვა აღავლინა მაცხოვრის მიმართ:“უფალო, იყავნ ჩვენთანა, წარმართთა სიცოფე განაქარვე, რათა ქრისტიანებმა შესწირონ უსისხლო მსხვერპლი შენდა, ჭეშმარიტი ღვთისა მიმართ“. ლოცვის დამთავრებისთანავე მიწა იძრა, კერპი დაიმსხვრა, ზეციდან კი გაისმა:“თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა, აქ აშენდება ტაძარი ქრისტიანთა სალოცავად.“

მიწისძვრის დამთავრების შემდეგ ასკლიპიოდოტემ ბრძანა მიწაში სარები ჩაესოთ, მასზე მიებათ წმიდანები და ადუღებული ფისი გადაესხათ. წმიდანებმა ლოცვა დაიწყეს, ევტროპემ კი მტანჯველებს გასძახა:“უფალმან მოაქციოს საქმენი თქვენნი თქვენდა“. ადუღებული ფისი მოწამეთა სხეულმა სასწაულებრივად აისხლიტა და ჯალათები დაწვა. ამის მნახველებს თავზარი დაეცათ, გამძვინვარებულმა მმართველმა კი ბრძანა, რკინის მარწუხებით დაეგლიჯათ წმიდანთა სხეულები და მარილიანი და ძმრიანი მდოგვი დაეყარეთ წყლულებზე. წმიდანებმა ეს ტანჯვაც საოცარი სიმშვიდით აიტანეს.

3 მარტს წმიდა ევტროპი და კლეონიკე ჯვარს აცვეს, ბასილიკო კი აფხაზეთშ გადაასახლეს.

22 მარტს ქალაქ კომანში წმიდა ბასილიკოს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ქრისტიანებმა მოძებნეს მისი ნეშტი და დამარხეს. მოგვიანებით კომანში ააშენეს წმიდა ბასილიკოს სახელობის ეკლესია.