მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა
წმიდა ელენე დედოფლის მიერ ძელისა ჭეშმარიტისა და სამსჭვალთა პოვნა იერუსალიმში (326)

წარმართი რომაელი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან საბოლოოდ ამოეძირკვათ იმ წმიდა ადგილთა ხსოვნა, სადაც ჯვარს ეცვა და აღსდგა მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. იმპერატორმა ადრიენემ(117-138) ბრძანა, მიწით დაეფარათ გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი, ზედ კი წარმართული ღვთაებების, ვენერასა და იუპიტერის სამსხვერპლო აეგოთ.

ღვთის ნებით, სამასი წლისათვის უდიდესი ქრისტიანული სიწმიდეები, მაცხოვრის საფლავი და ცხოველმყოფელი ჯვარი კვლავ გაცხადდა მორწმუნეთათვის. ეს მოხდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის(ხს.21 მაისს) დროს, რომელმაც პირველმა შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა, შემდეგ კი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. 313 წელს მან გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანული რელიგია დაკანონდა და იმპერიის დასავლეთ ნაწილში ქრისტიანტა დევნა შეწყდა. ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, მაგრამ ქრისტიანების დევნას კვლავ აგრძელებდა. მხოლოდ მისი საბოლოო დამარცხების შემდეგ განხორციელდა აღმოსავლეთში კანონი რელიგიის შემწყნარებლობის შესახებ, მოციქულთასწორმა იმპერატორმა ღვთის შემწეობით გაიმარჯვა მტრებზე. ბრძოლის წინ მან იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით „ამით სძლევ“.

წმიდა კონსტანტინემ, თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი (ხს.21 მაისს) იერუსალიმში გაგზავნა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის მოსაზებნად. დედოფალმა ელენემ ერთი მოხუცი ებრაელისაგან შეიტყო იმპერატორ ადრიანეს მიერ გოლგოთისა და მაცხოვრის საფლავის ადგილას წარმართული სამსხვერპლოს აგების შესახებ, ბრძანა, დაენგრიათ საკერპო და მოეძებნათ უფლის საფლავი. ღვთის ნებით, ბოლოს მართლაც იპოვეს სამი ჯვარი, ფიცარი -პილატეს მიერ გაკეთებული წარწერით-„იესო ნაზარეველი-მეუფე ჰურიათა“ და სამსჭვალნი. ცხოველმყოფელი ჯვრის ამოცნობის მიზნით პატრიარქმა მაკარიმ სათითაოდ შეახო სამივე ჯვარი მიცვალებულს. უფლის ჯვრის შეხებისას მიცვალებული გაცოცხლდა. ამ სასწაულის მხილველი ბევრი იუდეველი და წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ეს მოხდა 326 წელს.