მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ემილიანე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ემილიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს, მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა მორჩილებით და მკაცრი მმარხველობით. ღამღამობით მიდიოდა ახლომდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციური ნათელი დაადგა ემილიანეს და გაისმა ხმა:“ ემილიანე, მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმა მორჩილებით აღასრულა იღუმენის კურთხევა და დაადასტურა მასზე ზეციური ნათლის გარდმოსვლა და უფლისგან სიტყვიერი შენდობის მიღება. იღუმენმა ბერებს უთხრა:“უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზრვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონათლულთა მიმართ“.

ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა.