მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე კოდრატე და მასთან ერთად წამებული დედანი და მამანი
#წმინდათა ცხოვრება

ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს ერთი კეთილმსახური კორინთელი ქალი, სახელად რუფე, მთებს შეეხიზნა. აქ მას შეეძინა ვაჟი-კოდრატე. მსობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ჩვილი კი ღვთის განგებულებით, გადარჩა. ბავშვი სასწაულებრივად იზრდებოდა:მის თავზე ღრუბელი ეშვებოდა და ტკბილ ცვარს აწვდიდა. წმიდა კოდრატემ ბავშვობა და ყრმობა უდაბნოში გაატარა. როცა წამოიზარდა, ქრისტიანებს შეხვდა, რომლებმაც ჭეშმარიტ სარწმუნებაში გაანათლეს. წმიდა კოდრატე ჩინებული მკურნალი გახდა. მას ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება და დიდ დროს ატარებდა განმარტოებით მთაში. გავიდა მრავალი წელი. წმიდანთან უდაბნოში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები და მიმდევრები:კვიპრიანე, დიონისე, ანექტი, პავლე, კრისტენტი და სხვები.

 ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, დეკიუსის(249-251) დროს კორინთოს მმართველის, იასონის ბრძანებით წმიდა კოდრატე თავის მეგობრებთან ერთად შეიპყრეს. ვერანაირმა დაპირებამ და მუქარამ ვერ გატეხა წმიდანები. მიუხედავად სასტიკი წამებისა და აუტანელი ტკივილებისა, წმიდა კოდრატე პოულობდა ძალას სხვების გასამხნევებლად. იასონმა ბრძანა, წმიდანები მხეცებისათვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ნადირებმა მათ პირი არ დააკარეს. შემდეგ ქრისტიანები ეტლებს მიაბეს და ქუჩებსი ათრიეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.

კოდრატეს სხვა მოწაფეების მოწამეობრივად აღესრულნენ: დიონისე(საბა) ხმლით აკუწეს, ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე ცოცხლად ჩააგდეს ქვის სამტეხლოში, კლავდიუსს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, დიოდორე თვითონ ავიდა მისთვის გამზადებულ კოცონზე, სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, პაპიუსი და ლეონიდე ზღვაში დაახრჩვეს... მამაკაცებთან ერთად ბევრი დედაც ეწამა ქრისტესათვის, მათ შორის: ქარიესა, ნუნექია, ბასილისა, ნიკა, გალა, გალინა და თეოდორა.