მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი
მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი

მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლიტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება. ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან ძელით აღჭურვიმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და 18 თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს. მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად 32-მა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე. მტარვალმა განკარგულება გასცა დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს. სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული.