მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსო სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსო სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი დაიბადა 946 წელს გალატიაში, პაფლაგონიის მხარეში(მცირე აზია).მან უმაღლესი განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისათვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიონის მონასტერს მიაშურა. აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მას დაემოწაფა. ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა:“უფალო შეგვიწყალენ“. უფრო ხანგრძლივი ლოცვისათვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე, ლიტურგიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერ გაბრწყინებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურგიის დროს ჩანდა.

977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამაის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და კეთილმოაწყო მონასტერი.

ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული“ კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვინეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლიტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამსჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.

1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტრის რიგით წევრად დარჩა.