მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე გალისიელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე გალისიელი ქალაქ მაგნეზიაში (აზია) დაიბადა. სიყრმიდანვე სიმშვიდითა და გლახაკთა სიყვარულით გამორჩეულმა წმიდანმა საფუძვლიანი განათლება მიიღო, შემდგომ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და საბა განწმენდილის ლავრაში დამკვიდრდა. აქ ნეტარმა ათი წელი დაჰყო და საძმოს გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა. იერუსალიმის პატრიარქმა ღირსი ლაზარე მღვდლად აკურთხა, რის შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს მახლობლად, გალისიის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი საკვირველი ხილვის ღირსი შეიქმნა: ცად აწვდილ ცეცხლოვან სვეტს შემოხვეული ანგელოზები გალობდნენ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“. ამ გამოცხადების ადგილას უფლის რჩეულმა აღდგომის სახელობის ტაძარი ააგო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე მოსაგრის ირგვლივ მოწაფეები შემოიკრიბნენ და დაფუძნდა ტაძარი.

წმიდა ლაზარეს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და განემზადა კიდეც, მაგრამ საძმოს მხურვალე ვედრებით უფალმა მას კიდევ 15 წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. ღირსი ლაზარე 1053 წელს გარდაიცვალა, 72 წლის ასაკში. წმიდა მამის ნაწილთა აღმოყვანებას ეკლესია 17 ივლისს იხსენიებს.