მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 9

1პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა, თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა.

2მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ.

3და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა.

4და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვთქუ აღმსაარებელმან: უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა.

5ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა.

6და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა.

7შენდა, უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განსთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი.

8უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირსა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი.

9უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი, და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით.

10და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა, რომელნი მოსცნა წინაშე პირსა ჩუენსა ჴელისა მიერ მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲსა.

11და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა. და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა,

12და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა,

13ვითარ-იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის-ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა.

14და იღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

15და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყაე თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუსჯულოეთ.

16უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა.

17და აწ შეისმინე, უფალო ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო!

18მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა.

19უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება-ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ, და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა.

20და მერმე მზრახვალობასაღა ჩემსა და მლოცველობასა და აღმსაარებელობასა ცოდვათა ჩემთა, და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა.

21მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა.

22და გულისხუმა-მიყო მე და სიტყუა-ყო ჩემ თანა და თქუა: დანიელო, აწ გამოვედ დაზავებად შენდა გულისხუმის-ყოფისა.

23და დასაბამსა ვედრებისა შენისასა გამოვიდა სიტყუაჲ და მე მოვედ მითხრობად შენდა, რამეთუ კაცი გულისსათქმელთა ხარი შენ. აწ განიგონე სიტყჳსა შენ და გულისხუმა-ყავ ჩუენებისა შორის.

24სამეოცდაათნი შჳდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღჴოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაჲ და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაჲ წმიდათა,

25მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი.

26და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.

27და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.


წინა თავი შემდეგი თავი