მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 16

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.

3და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.

4და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.

5არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.

6და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,

7ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.

8და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.

9და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.

10და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.

11და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.

13და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.

14და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

15და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.

16და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.

17და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.

18და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;

19და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.

20და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.

21და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.

23და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,

24და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.

25და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.

26და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

27და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,

28უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.

29და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.

30რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?

31აღაშენე რაჲ სასიძველი შენი დასაბამსა ყოვლისა გზისასა და განმონადები შენი ჰყავ ყოველსა ზედა უბანსა, და არა იქმენ, ვითარცა მეძავი შემკრებელი სასყიდელთა,

32ანუ დედაკაცი მემრუშე ქმარსა ქუეშე თჳსსა უცხოთა მიმართ, მსგავსი შენი, ქმრისაგან თჳსისა მიმღებელი სასყიდელთაჲ,

33და ყოველთა მეძავქმნილთაჲ მის თანა მიმცემელი სასყიდელთაჲ: ხოლო შენ მისცენ სასყიდელნი ყოველთა ტრფიალთა შენთა და აღსტჳრთევდ მათ მოსლვად შენდამი გარემოჲს სიძვითა შენითა.

34და იქმნა შენ შორის განდრეკილება უფროს დედათასა სიძვასა ზედა შენსა და შენ თანა არა ისიძვეს, მი-რაჲ-სცემდ შენ სასყიდელთა, და შენ სასყიდელნი არა მოგეცნეს და იქმნა შენ შორის განდრეკაჲ.

35ამისთჳს, მეძავო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!

36ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,

37ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.

38და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.

39და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.

40და მოიყვანნენ შენ ზედა ერნი და დაგაქვაონ შენ ქვებითა და მოგასრულონ შენ მახჳლებითა მათითა.

41და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა და ყონ შენ შორის შურისძიებაჲ წინაშე დედათა მრავალთასა; და მოგაქციო შენ სიძვისაგან და სასყიდელნი არ მისცნე არღა მერმე.

42და მოვავლინო გულისწყრომაჲ ჩემი შენ ზედა და აღებულ იქმნეს შური ჩემი შენგან, და განვისუენო და არღა ვზრუნვიდე მერმე.

43მათ წილ, რომელ არ მოიჴსენე დღე სიჩჩოჲსა შენისაჲ და მაწუხებდ მე ამათ ყოველთა მიერ. და, აჰა, მე გზანი შენნი თავსა ზედა შენსა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - და ეგრეთცა არა ვიყავ ყოვლისაებრ უთნოობისა შენისა ყოველთა ზედა უსჯულოებათა შენთა.

44ესე ყოველნი იყვნენ, რაოდენნი თქუნეს ძჳნად შენდა იგავისა მიერ მეტყუელთა, ვითარცა დედა მისი, ეგრეთცა ასული მისი.

45ასული დედისა შენისაჲ შენ ხარ, განმშორებელი ქმრისა თჳსისაჲ და შვილთა თჳსთაჲ, და დაჲ დათა შენთაჲ, რომელთა განიშორნეს ქმარნი მათნი და შვილნი მათნი, დედაჲ თქუენი ქეტტელა და მამა თქვენი - ამორეველი.

46დაჲ თქვენი უხუცესი - სამარიაჲ, იგი, ასულნი მისნი, დამკჳდრებულნი მარცხენით შენსა; და დაჲ შენი უმრწემესი შენი, დამკჳდრებული მარჯუენით შენსა - სოდომაჲ, და ასულნი მისნი.

47და არცა ვითარ გზათა მათთა ზედა ხჳდოდე, არცა უსჯულოებათა მათთაებრ ჰყავ მცირედ, აღემატე მათ ყოველთა შინა გზათა შენთა.

48ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.

49გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,

50და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.

51და სამარიამან ნახევართაებრ ცოდვათა შენთასა არ ცოდა; და განამრავლენ უსჯულოებანი შენნი უფროს მათსა და განამრავლენ დანი შენნი ყოველთა მიერ ცოდვათა შენთა და ყოველთა მიერ უსჯულოებათა შენთა, რომელნი ჰქმნენ.

52და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი გარდარეული, რომლითა განხრწნენ დანი შენნი ცოდვათა შინა შენთა, რომელნი იუსჯულოენ უფროს მათსა და განამართლენ იგინი უფროჲს თავისა შენისა, შენ შეირცხჳნე და მიიღე უპატიოება შენი განმართლებითა შენგან დათა შენთაჲთა.

53და გარემივაქცინე გარემიქცევანი მათნი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაჲ, და გარემივაქციო გარემიქცევაჲ სამარიისაჲ და ასულთა მისთაჲ და გარემივაქციო გარემიქცევაჲ შენი შორის მათსა,

54რათა მიიღო ტანჯვაჲ შენი და უპატიო იქმნე ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ შენ მიერ განრისხებითა ჩემითა.

55და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალადეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან. და სამარიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან; და შენ და ასულნი შენნი კუალად ეგნეთ, ვითარცა იყვენით დასაბამითგან.

56და არა თუმცა იყო სოდომაჲ, დაჲ შენი, სასმენელად პირსა შინა შენსა დღეთა შინა ამპარტავანებისა შენისათა.

57პირველ გამოჩინებისა უკეთურებისა შენისა, ვითარსახედ საყუედრელ ხარ აწ ასულთა ასურეთისათა და ყოველთა გარემოსთა მისთა და ასულებისა უცხოთა მათთაჲსა, რომელ არიან გარემოს შენსა?

58და უთნოობანი შენნი და უსჯულოებანი შენნი, შენ მოიხუენ ესენი, - იტყჳს უფალი.

59ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.

60და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.

61და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,

63რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი