მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
იაკობ მოციქულის ეპისტოლე
თავი 1

1იაკობი, მონა ღვთისა და უფალ იესო ქრისტესი, თორმეტ განთესილ ტომს, - გიხაროდეთ.

2ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.

3რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;

4მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

5ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.

6მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.

7მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.

8ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.

9 დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,

10ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.

11რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.

12ნეტა მას, ვინც გაუძლებს საცდურს, რადგან განსაცდელგამოვლილი მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარეთ.

13ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.

14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.

15ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.

16ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმანო.

17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.

18მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.

20რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.

21ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.

22მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ მსმენელნი თავის მოსატყუებლად.

23რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, იმ კაცსა ჰგავს, თავის ბუნებრივ სახეს რომ უმზერს სარკეში.

24დაინახავს თავის თავს, წავა და მყისვე ავიწყდება, როგორია მისი იერი.

25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.

26თუ რომელიმე თქვენგანს ღვთისმოსავი ჰგონია თავი, მაგრამ ლაგამს კი არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.

27წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.


შემდეგი თავი