მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
იაკობ მოციქულის ეპისტოლე
თავი 3

1ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ.

2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.

3აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს.

4თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს.

5ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.

6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.

7რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით.

8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.

9ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც.

10ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.

11განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი?

12განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი? ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი.

13ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.

14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.

15არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.

16ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.

17ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

18სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.


წინა თავი შემდეგი თავი