მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
იაკობ მოციქულის ეპისტოლე |
თავი 5 |
1და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის. 2სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. 3ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. 4აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. 5ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები. 6მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ. 7მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. 8თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. 9ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას. 10ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. 11აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. 12უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში. 13უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. 14ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. 15რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. 16ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. 17ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას. 18კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი. 19ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 20იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას. |
წინა თავი |