მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 36

1და იქმნა წელსა მეოთხესა, იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა, იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2მოიღე თავის შენისად ქარტაჲ წიგნისაჲ და დაწერენ მას ზედა ყოველნი სიტყვანი, რომელნი გამოგიცხადენ შენ ისრაილსა ზედა და იუდასა ზედა და ყოველთა ზედა ნათესავთა, რომლით დღითგან ვიტყოდე მე შენდამი დღეთაგან იოსია მეფისა იუდაჲსათა და ვიდრე დღისამდე ამის.

3ნუუკუჱ ისმინნეს სახლმან იუდაჲსამან ყოველნი ძჳრნი, რომელთა მე სიტყუა-ვყოფდ მათდა, და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და მლხინებელ ეყო სიცრუეთა მათთა და ცოდვათა მათთა.

4და მოუწოდა იერემია ბარუქს, ძესა ნირისსა, და დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიაჲსსა ყოველნი სიტყუანი უფლისანი, რომელნი გამოაცხადნა მისდამი ქარტასა ზედა წიგნისასა.

5და ამცნო იერემია ბარუქსა მეტყუელმან: მე ვიცვები და ვერ ძალმიც შესლვაჲ სახიდ უფლისა.

6და შეხჳდე შენ და აღმოიკითხო ქარტასა ამას შინა, რომელნიცა დასწერენ პირისაგან ჩემისა სიტყვანი უფლისანი, ყურთა მიმართ ერისათა სახლსა შინა უფლისასა დღესა მარხვისასა, და ყურთა შორის ყოვლისა იუდაჲსათა, რომელნი მოვლენ ქალაქთაგან მათთა, აღმოუკითხო მათ.

7ნუუკუე დავარდეს წყალობა მათი წინაშე პირსა უფლისასა, და მოიქცენ გზისაგან მათისა ბოროტისა, რამეთუ დიდ არს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ უფლისაჲ, რომელ თქუა ერსა ამას ზედა.

8და ყვნა ბარუქმან ყოველთაებრ, რაოდენნი ამცნნა იერემია წინაწარმეტყუელმან - აღმოკითხვაჲ წიგნსა შინა სიტყვათა უფლისათა სახლსა შორის უფლისასა.

9და იქმნა წელსა მეხუთესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსა, მეფისა იუდაჲსა, თუესა შინა მეცხრესა, იეკკლისიეს, მარხვაჲ წინაშე პირსა უფლისასა ყოველმან ერმან იერუსალიმისამან და ყოველმან ერმან მომავალთა ქალაქთაგან იუდაჲსათა იერუსალიმდ სახლისა იუდაჲსამან.

10და იყო და იკითხვიდა ბარუქ წიგნსა შინა სიტყვათა იერემიაჲსთა შორის სახლისა უფლისა, სახლსა შინა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, მწიგნველისასა შორის ეზოსა ზენაჲთ კარისწინათა თანა ბჭეთა სახლისა ახლისათა, ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა.

11და ესმნეს მიქეას, ძესა გამარიაჲსსა, ძისა საფანისსა, ყოველნი სიტყუანი უფლისანი წიგნისაგან.

12და შთავიდა სახიდ მეფისა, სახიდ მწიგნველისა, და აჰა, მუნ სხდეს ყოველნი მთავარნი: ელისამა მწიგნველი, და სალეა, ძე სამეოჲსი, და ელდათან, ძე აქობორისა, და გამარია, ძე საფანისი, და სედეკია, ძე ანანიაჲსი, და ყოველნი მთავარნი.

13და მიუთხრნა მათ მიქეა ყოველნი სიტყვანი, რომელნი ესმნეს, აღმოიკითხვიდა რაჲ ბარუქ ყურთა მიმართ ერისათა.

14და მიავლინეს ყოველთა მთავართა ბარუქის მიმართ იუდი, ძე მათანისი, ძისა სელემისი, ძისა ხუსისი, მეტყველთა: წიგნსა, რომელსა შენ აღმოიკითხავ მას შინა ყურთა მიმართ ერისათა, მოიღე იგი ჴელსა შენსა და მოვედ. და მიიღო ბარუქ, ძემან ნისისმან, წიგნი ჴელსა ზედა თჳსსა და შთავიდა მათდამი.

15და ჰქუეს მას მთავართა: კუალად აღმოიკითხე ყურთა მომართ ჩუენთა, და აღმოიკითხა ბარუქმან ყურთა მიმართ მათთა.

16და იყო, ვითარცა ესმნეს ყოველთა მთავართა, ყოველნი იგი სიტყვანი, განიზრახეს კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა და თქუეს ბარუქის მიმართ. მიმთხრობელნი მიუთხრობთ მეფესა ყოველთა ამათ სიტყუათა.

17და ბარუქს ჰკითხეს მეტყუელთა: მომითხარ ჩუენ, ვინაჲ დასწერენ ყოველნი ესე სიტყუანი?

18და თქუა ბარუქმან: პირისაგან იერემიაჲსისა, რამეთუ მომითხრობდა იგი ჩემდამო ყოველთა ამათ სიტყუათა, და მე ვწერდ წიგნსა შინა მელნითა.

19და ჰქუეს ყოველთა მთავართა ბარუქს: წარსრული დაიმალე შენ და იერემია. კაცი ნუ სცნობნ, სადა იყვნეთ თქუენ.

20და შევიდეს მეფისა მიმართ ეზოდ და წიგნი მისცეს დასამარხავად სახლსა შინა ელისამა მწიგნველისასა, და მიუთხრნეს მეფესა ყოველნი ესე სიტყუანი.

21და მიავლინა მეფემან იუდი, მოღებად წიგნისა მის და მოიღო იგი იუდი სახლისაგან ელისამისა მწიგნველისა, და აღმოიკითხა იუდი ყურთა მიმართ მეფისათა, და ყურთა მიმართ ყოველთა მთავართა მდგომარეთასა გარემოჲს მეფისა.

22და მეფე ჯდა სახლსა შინა საზამთროსა, თუესა მეცხრესა და კერაკნი ცეცხლისანი პირისპირ მისსა.

23და იყო, აღმო-რაჲ-იკითხის იუდი სამი კეფი, ანუ ოთხი, მოჰკუეთდის მათ საჭრელითა მწიგნველისაჲთა და შთააგდებდის ცეცხლსა კერაკსა მას ზედა, ვიდრემდის არაჲ დააკლდა წიგნისაჲ ცეცხლსა მას კერაკთასა.

24და არა გამოიძიეს, არცა დაიპნეს სამოსელნი მათნი მეფემან და ყოველთა ყრმათა მისთა, რომელთა ესმნეს ყოველნი ესე სიტყუანი.

25და ელდათან და გოდოლია და დაგგეა ღამარია ჰმოქენობდეს მეფესა არაწჳსათჳს წიგნისა, და არა ისმინა მათი.

26და ამცნო მეფემან იერემელიას, ძესა მეფისასა, და სარეას, ძესა ეზრიილისასა, სელამეას, ძესა ამიილისსა შეპყრობა ბარუქისი მწიგნობრისაჲ და იერემია წინაწარმეტყუელისაჲ და დაიმალნეს უფლისა მიერ.

27და იქმნა სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად დაწვისა მეფისა მიერ ქარტასა, მქონებელსა ყოველთა ამას სიტყუათასა, რომელნი დაწერნა ბარუქმან პირისაგან იერემიასსა მეტყუელი:

28კუალად მოიღე შენ წიგნი სხუაჲ და დაწერენ ყოველნი ესე სიტყუანი მყოფნი ქარტასა შინა, რომელი დაწუა იოაკიმ, მეფემან იუდაჲსმან.

29და იოაკიმის მიმართ მეფისა იუდაჲსასა სთქუა: ესრეთ თქუა უფალმან, - შენ დასწუ ქარტაჲ ესე მეტყუელმან: რასათჳს დასწერე მას ზედა მთქუმელმან, ვითარმედ: შემომავალი შემოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ, და მოსრას ქუეყანაჲ ესე და მოაკლდეს მისგან კაცი და საცხოვარი?

30ამისთჳს, ესრეთ თქუა უფალმან იოაკიმს ზედა, მეფისა იუდაჲსასა: არა იყო მისსა მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, და მძორი მისი იყოს დაგდებულ სიცხესა დღისასა და ნეფხუასა ღამისასა.

31და ზედმივიხილო მის ზედა, და თესლსა ზედა მისსა და ყრმათა ზედა მისთა, და მოვაწინე მათ ზედა და მკჳდრთა ზედა იერუსალიმისათა და ქუეყანასა ზედა იუდაჲსასა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე, და არა ისმინეს ჩემი.

32და მოიღო ბარუქმან ქარტაჲ სხუაჲ და დაწერნა მას ზედა პირისაგან იერემიაჲსსა, ყოველნი სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწუნა იოაკიმმან, მეფემან იუდაჲსამან, და მერმეცა შეეძინნეს მას სიტყუანი უმრავლესნი ვითარ იგინი.


წინა თავი შემდეგი თავი