მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 7

1და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ. და იპარეს შენაჩუენებისა მისგანი: და აღიღო აქარ, ძემან ქარმისმან, ძისა ზამბრისმან, ძისა ზარასმან, ნათესავისაგან იუდასმან, შენაჩუენებისა მისგან. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ძეთათჳს ისრაჱლისათა.

2და წარავლინნა ისო კაცნი იგი იერიქოთ გაიდ, რომელ არს პირისპირ ბეთელისა, და ჰრქუა მათ: აღვედით და მოისტუანეთ გაიდ. და აღვიდეს კაცნი იგი და მოისტუანეს ქუეყანაჲ გაისაჲ.

3და მოიქცეს ისოჲსა და ჰრქუეს მას: ნუ აღმოვალნ ყოველი ერი! არამედ ვითარ ორ ათას ოდენ, ანუ სამ ათას კაც აღვიდედ და მოიცვან ქალაქი. ნუ აღიყვანებთ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედ არიან.

4და აღვიდეს მუნ ვითარ სამ ათას კაც. და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გალილეველთასა.

5და მოსწყჳდნეს მათგანნი კაცთა გაისათა ოცდაათექუსმეტ კაც და დევნა-უყვეს მათ ბჭითგან, ვიდრემდის შემუსრნეს იგინი შთამართებსა და შეძრწუნდა გული ერისა მის და იქმნა, ვითარცა წყალი.

6და ჩამოიპო ისო სამოსელი თჳსი და დავარდა ქუეყანასა ზედა პირსა ზედა თჳსსა წინაშე უფლისა მიმწუხრადმდე, იგი და მოხუცებულნი ისრაელისანი და გარდაისხეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა.

7და თქუა ისო: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს წიაღმოიყუანა მონამან შენმან ერი ესე იორდანესა მიცემად იგი ამორეველსა და წარწყმედად ჩუენდა? და-თუმცა-ვეშენენით და დავემკჳდრენით წიაღ იორდანესა

8და რაჲ ვთქუათ? რამეთუ მოიდრიკა ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა მისთა

9და ესმას ესე ქანანელთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, გარემოგუადგენ ჩუენ და მოგუსრნენ ჩუენ ქუეყანით. და ვითარ ჰყო სახელი იგი შენი დიდი?

10და ჰრქუა უფალმან ისოს: აღდეგ! რაჲსათჳს-ეგე დაცემულ ხარ შენ პირსა ზედა შენსა?

11ცოდა ერმან მაგან და გარდაჴდა შჯულსა ჩემსა რომელ დავდევ მათა მიმართ. და იპარეს შესაჩუენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა.

12ვერ უძლონ ძეთა ისრაჱლისათა დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა. და დაიდრიკონ ქედი მათი წინაშე მტერთა მათთასა, რამეთუ შეჩუენებულ იქმნნეს. არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ განიშოროთ თქუენგან შესაჩუნებელი იგი.

13აღდეგ და განწმიდე ერი ეგე და არქუ წმიდა-ყოფად ხვალისა, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: შენაჩუენები თქუენ შორის არს ისრაჱლ. ვერ შეუძლოთ წინადადგომად წინაშე მტერთა თქუენთა, ვიდრემდის არა მოსპოთ შენაჩუენები იგი თქუენგან.

14და შეკრიბენით ყოველნი დილითი ნათესავად-ნათესავადი თქუენი. და იყოს, ნათესავი, რომელი გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ ნათესავად-ნათესავად სახლად. და სახლი, რომელ გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ კაცად-კაცადი.

15და იყოს, რომელი გამოჩნდეს შენაჩუენებსა მას ზედა, დაიწუას ცეცხლითა იგი და ყოველი, რაჲცა არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა აღთქუმასა უფლისასა და ყო ურჩულოებაჲ შორის ისრაჱლისა.

16და აღიმსთო ისო განთიად და წარმოადგინა ერი იგი ნათესავად-ნათესავად მათად. და გამოჩნდა ნათესავი იუდასი.

17და წარმოადგინეს ტომად-ტომადი იუდაჲსი: და გამოჩნდა ტომი ოზარაჲსი და წარმოადგინეს ტომი ოზარაჲსი სახლად-სახლად და გამოჩნდა სახლი ზამბრისი.

18და წარმოადგინეს სახლი მისი კაცად-კაცადი. და გამოჩნდა აქარ, ძე ქარმისი, ძისა ზამრისი, ძისა ზარაჲსი, ნათესავისაგან იუდაჲსისა.

19და ჰრქუა ისო აქარს: შვილო, მიეც დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, და ეც აღსარებაჲ, და მითხარ მე, რაჲ ჰყავ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან.

20და მიუგო აქარ ისოს და ჰრქუა: ჭეშმარიტად მე ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრე და ესრე ვყავ.

21ვიხილე ტყუენვასა მას შინა შატროვანი ერთი ჭრელი და ორასი სატირი ვეცხლი და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასის სატირ სასწორით. გულმან მითქუა მათგანი და მოვიღე. და აჰა, ესერა, ესე დამიმალავს მიწასა ქუეშე კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი იგი დამიმალავს ქუეშე მათსა.

22და მიავლინნა ისო მოციქულნი. და მირბიოდეს კარავსა მას ბანაკად და ესე დამალულ იყო კარავსა შინა მისსა და ვეცხლი იგი ქუეშე მათსა.

23და გამოიღეს იგი კარვით და მოიღეს იგი ისოსა. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დადვეს იგი წინაშე უფლისა.

24და მოიყვანა ისო აქარ, ძე ზარაჲსი, და აღიყვანა იგი ჴევსა აქორისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი, და ზროხანი მისნი და კარაულნი მისნი, და ცხოვარი მისი და კარავი მისი და ყოველი ნაყოფი მისი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანეს იგი სურმექარონდ.

25და ჰრქუა ისო: რად აღგუჴოცენ ჩვენ? და აღგჴოცოს შენ უფალმან ვითარცა-ესე დღეს. და განტჳნა იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და დაწვეს იგი ცეცხლითა.

26და აღდგეს მის ზედა ჭორტი ქვისაჲ დიდი მოდღენდელად დღედმდე. და დასცხრა უფალი რიცხვისაგან გულისწყრომისაჲსა, ამისთჳს უწოდეს მას ემეკაქორ მოაქადღედმდე.


წინა თავი შემდეგი თავი