მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 19 |
1უმჯობეს არს უმეცარი, რომელი ვლიდეს ერთგულად, ვიდრეღა ორგულებით ბაგეთა ხრიდეს. 2უმეცრება სულისა თვისასა არა კეთილ, ხოლო დაუდგრომელობა ფერჴთა ცოდვათა შეიმთხვევს. 3უგუნურებაჲ კაცისა განრყუნის ზრახვითა მისითა და ღმერთსა აბრალებნ გულითა. 4სიმდიდრემან შესძინის მეგობარნი მრავალნი, ხოლო გლახაკსა მას, რომელცა უვინ, გან-ვე-ეშორის. 5მოწამე მტყუარი არა უტანჯველი იყოს, ხოლო რომელი აბრალებდე ნაწილად, იგი ვერ განერეს საშჯელსა. 6მრავალნი მსახურებენ პირსა მეფისასა, ხოლო ყოველივე უკეთურ იქმნის მიცემასა მისსა და მაყუედრებელ კაცისა არნ. 7ყოველსა, რომელსა სძულდეს ძმაჲ გლახაკი, ესევითარი სიყუარულისაგანცა შორს იყოს განზრახვაჲ კეთილი, რომელთა იციან იგი, მათა მახლობელ არს, ხოლო კაცმან ბრძენმან პოოს იგი. რომელი მრავალსა ბოროტსა იქმს, აუვარებს უკეთურებასა და რომელი აღაზრზენდეს სიტყუასა, იგივე ცხონდეს. 8რომელმან მოიპოვა გონიერებაჲ, უყუარს მას თავი თჳსი და, რომელმან დაიმარხოს სიბრძნე, პოოს მან კეთილი. 9მოწამე ცრუჲ არა უცოდველ იყოს; რომელმან აღაგზნეს ბოროტი, იგივე წარწყმდეს. 10არა შეჰგავს უგუნურსა შუებაჲ; ეგრეთვე, უკუეთუ მონაჲ მთავრობდეს უფალთა, გინებით იდევნენ. 11მოწყალე კაცი სულგრძელ არნ, ხოლო სიქადული მისი მიუჴდეს უღმრთოთა. 12მეფისა ბრძანებაჲ მსგავს არს ბრდღუენისა ლომისასა და, ვითარცა ცუარი მწუანვილსა ზედა, ეგრეცა მხიარულებაჲ მისი. 13სირცხჳლ მამისა შვილი უგუნური და არაწმიდა არიან ლოცვანი მისნი სასყიდლისაგან უცხოჲსა. 14სახლი და მონაგები განუყვიან მამათა შვილთა, ხოლო უფლისა მიერ შეემთხჳოს ცოლი სახიერი ქმარსა. 15შიშსა შეუპყრიედ მემრუშეთა გული და სულსა უქმთასა შიოდეს. 16რომელი იმარხვიდეს მცნებასა, დაიცვას სული თჳსი, ხოლო, რომელი უდებ-იყოს გზათა თჳსთა, იგი წარწყმდეს. 17ავასხის უფალსა, რომელი სწყალობნ გლახაკთა, და მისაცემელისაებრ მისისა მიეგოს მას. 18განსწავლე ძე შენი და ესრეთ იყოს სასოჲ კეთილ და გინებასა ნუ აღაყვანებ სულსა მისსა (უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს, არამედ სული მისი სიკუდილისაგან იქსნე). 19სახე ბოროტებისათა კაცი ფრიად იზღჳოს, ხოლო უკუეთუ უსჯულოებდესღა, სულიცა თჳსი დაჰრთოს. 20ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისა, რათა ბრძენ იყო სიბერესა შენსა. 21მრავალნი ზრახვანი არიან გულსა კაცისასა, ხოლო ზრახვაჲ უფლისა ჰგიეს უკუნისამდე. 22ნაყოფ კაცისა მოწყალებაჲ არს, უმჯობეს გლახაკი მართალი, ვიდრე მდიდარი მტყუანი. 23შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ. 24რომელმან დაიმალნეს ჴელნი სიცრუით, ვერცაღა პირად მიყუნეს იგინი. 25სატანჯველსა უგუნური უვერაგეს იქმნეს, ხოლო უკუეთუ ამხილო კაცსა გონიერსა, გულისჴმა-ყოს მეცნიერებაჲ. 26რომელმან შეურაცხ-ყოს მამა და განაძოს დედა თვისი, სირცხვილეულ და საყვედრელ იქმნეს. 27შვილო, ნუ დაუტევებ სმენასა წვრთილებისასა და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყვასა კეთილსა. 28რომელმან თავს-მდებად ყოს ყრმა ჩჩვილი, მტერ იქმნეს სამართლისა, ხოლო პირი უღმრთოთა შთანთქამს სასჯელსა. 29განიმზადონ უწვრთელთა გვემანი და უგუნურთა პატიჟნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |