მთავარი გვერდი - ბიბლია |
ახალი აღთქმა |
იოანე მოციქულის სახარება |
თავი 18 |
1ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი. 2იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალ-გზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით. 3ხოლო იუდა წარიყვანა ერი და მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთაგან მსახურნი და მოვიდა მუნ სანთლებითა და ლამპრებითა და საჭურველითა. 4ხოლო იესუ იცოდა ყოველი იგი მომავალი მის ზედა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: ვის ეძიებთ? 5მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა. 6და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა. 7მერმე კუალად ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. 8ჰრქუა მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ. 9რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი. 10ხოლო სიმონ-პეტრეს აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. ხოლო იყო სახელი მონისაჲ მის მალქოზ. 11ჰრქუა იესუ პეტრეს: დადევ მახჳლი ქარქაშსა! სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი? 12ხოლო კრებულმან მან და ათასისთავმან და მსახურთა მათ ჰურიათამან შეიპყრეს იესუ და შეკრეს იგი. 13და მიიყვანეს იგი პირველად ანნაჲსა, რამეთუ იყო სიმამრი კაიაფაჲსი, რომელი იყო მღდელთ-მოძღუარი მის წელიწადისაჲ. 14ხოლო ესე კაიაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობეს არს კაცისა ერთისა სიკუდილი ერისათჳს. 15მისდევდა იესუს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. ხოლო მოწაფე იგი ერთი მეცნიერ იყო მღდელთ-მოძღურისა და შევიდა იესუჲს თანა ეზოსა მღდელთ-მოძღურისასა. 16ხოლო პეტრე დგა კარსა თანა გარეშე. განვიდა ერთი იგი მოწაფე, რომელი იყო მეცნიერ მღდელთ-მოძღურისა, და ჰრქუა მეკარესა მას დედაკაცსა და შეიყვანა პეტრე. 17ჰრქუა მჴევალმან მან მეკარემან პეტრეს: ნუუკუე შენცა მოწაფეთაგანი ხარ მის კაცისათაჲ? ხოლო პეტრე თქუა: არა ვარ. 18დგეს მონანი იგი და მსახურნი მღდელთ-მოძღუართანი, და ნაკუერცხალი აღეგზნა, რამეთუ ყინელი იყო, და ტფებოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ტფებოდა. 19ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს. 20მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა და მე მარადის ვასწავებდ შესაკრებელსა და ტაძარსა შინა, სადა-იგი ყოვლადვე ჰურიანი შეკრბიან, ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე. 21რაჲსა მკითხავ მე? ჰკითხე მათ, რომელთა ესმოდა, რასა ვასწავებდ მათ. აჰა ამათ იციან, რასა-იგი ვეტყოდე მათ. 22და ვითარცა ესე თქუა იესუ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელთ-მოძღუარსა? 23ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? 24და მიავლინა იგი ანა კრული კაიაფაჲსა, მღდელთ-მოძღურისა. 25ხოლო სიმონ-პეტრე დგა და ტფებოდა. ჰრქუეს მას მუნ მდგომარეთა მათ: ნუუკუე შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვარ. 26ჰრქუა მას ერთმან მონათაგანმან მღდელთ-მოძღურისამან – ნათესავი იყო მისი, რომელსა-იგი პეტრე წარჰკუეთა ყური – არა მე გიხილეა მტილსა მას შინა მის თანა? 27და კუალად უვარ-ყო პეტრე. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. 28და მოიყვანეს იესუ კაიაფაჲსით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა ჭამონ პასექი. 29გამოვიდა პილატე მათა გარე და ჰრქუა მათ: რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამისა ზედა? 30მიუგეს და ჰრქუეს მას: უკუეთუმცა არა ბოროტის-მოქმედი იყო, არამცა მიგეცით შენ ეგე. 31ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე თქუენ და სჯულისა თქუენისაებრ განიკითხეთ ეგე. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არავისი ჯერ-არს მოკლვაჲ. 32რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ეგულებოდა მოსიკუდიდ. 33კუალად უკუე შევიდა პილატე ტაძრად და შეხადა იესუს და ჰრქუა მას: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? 34ჰრქუა მას იესუ: შენ თავით თჳსით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა გითხრეს ჩემთჳს? 35მიუგო პილატე და ჰრქუა მას: ნუუკუე მე ჰურიაჲ ვარა? ნათესავთა შენთა და მღდელთ-მოძღუართა მოუცემიხარ შენ ჩემდა. რაჲ გიქმნიეს? 36მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. 37ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. 38ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ვითარცა ესე თქუა, კუალად გამოვიდა და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა. 39ხოლო არს ჩუეულებაჲ თქუენი, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. გნებავსა, რაჲთა მიგიტევო თქუენ მეუფჱ ჰურიათაჲ? 40კუალად უკუე ღაღატ-ყვეს ყოველთა და თქუეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბა. და იყო ესე ბარაბა ავაზაკი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |