მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იობის წიგნი |
თავი 1 |
1კაცი ვინმე იყო სოფელსა მას შინა ავსიტისსა, რომელსა სახელი ერქუა იობ. და იყო კაცი იგი ჭეშმარიტ, უბიწო, მართალ, ღმრთისმსახურ, განყენებულ და განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა. 2და იყვნეს ძენი მისნი შჳდ და ასულნი მისნი სამ. 3და იყო საცხოვარი მისი ცხოვარი შჳდ ათას, აქლემები სამ ათას, უღლეული ჴარი ხუთას, ვირი ჴდალი მძოვარი ხუთას, და მსახურთა სიმრავლე ფრიად. და საქმენი მისნი დიდ იყვნეს ქუეყანასა ზედა. და იყო კაცი იგი აზნაური მზისა აღმოსავალისათაგანი. 4და შეკრბიან ძენი მისნი ერთად ურთიერთას და ყვიან ტაძრობაჲ დღითი დღედ. და მიიყვანნიან სამნიცა იგი დანი მათნი ჭამად და სუმად მათ თანა. 5და ვითარცა აღესრულნიან დღენი იგი სუმისა მათისანი, მიავლინის იობ და განწმიდნის იგინი და აღდგის განთიად და შეწირის მათთჳს მსხუერპლი რიცხჳსაებრ მათისა და ზუარაკი ერთი ცოდვათათჳს სულთა მათთასა, რამეთუ თქჳს იობ: ნუსადა ძეთა ჩემთა გონებასა მათსა ბოროტი მოიჴადეს უფლისათჳს. და ამას ჰყოფდა იობ ყოველთა დღეთა მისთა. 6და ვითარცა იქმნა დღე ესევითარი და მოვიდეს ანგელოზნი ღმრთისანი წარდგომად წინაშე ღმრთისა, და ეშმაკიცა მოვიდა და დადგა მათ თანა. 7და ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: ვინა მოხუალ შენ? მიუგო ეშმაკმან მან და ჰრქუა: მომივლიეს ყოველი ქუეყანაჲ და განმივლიეს ცასა ქუეშე და აწ აქა ვარ. 8და ჰრქუა მას უფალმან მიჰხედეა გონებითა შენითა მონასა ჩემსა იობს, რამეთუ არავინ არს მისებრ ქუეყანასა ზედა კაცი უბრალო, ჭეშმარიტ, ღმრთისმსახურ, განშორებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა. 9მიუგო ეშმაკმან და თქუა წინაშე უფლისა: ნუუკუე მედად ჰმსახურებსა იობ უფალსა? 10ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ? და გარეშე ყოველივე რაჲ არს მისი, მოიცევ, საქმენი ჴელთა მისთანი აკურთხენ და საცხოვარი მისი მრავალ-ჰყავ, 11არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს. 12მაშინ ჰრქუა უფალმან ეშმაკსა მას: აჰა ეგერა, ყოველი, რაცა არს მისი, მიგეც ჴელთა შენთა, არამედ მას ნუ შეახებ. და გამოვიდა ეშმაკი პირისაგან უფლისა. 13და იყო დღე ესევითარი და ძენი იობისნი და ასულნი მისნი სუმიდეს სახლსა შინა ძმისა მათისა უხუცესისასა. 14და აჰა ესერა, ღაღადისი მოვიდა იობისა და ჰრქუა მას: უღლეული იგი ჴართა ჴნვიდა და რემაკი იგი ვირთა მათ ჴდალთა ძოვდა მახლობელად მათსა. 15და მოვიდეს მტყუენველნი და წარიტყუენვეს იგი, და მონანი იგი მოსრნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა. 16ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ცეცხლი გარდამოვარდა ზეცით და დაწუა ცხოვარი იგი, მწყემსნი იგი შეჭამნა, ეგრევე მე განვერი მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა. 17და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: მჴედრები განიყო სამად გუნდად და გარემოადგეს აქლემებსა მას და წარტყუენეს იგი და მონანი იგი მოსწყჳდნეს მახჳლითა და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა. 18და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოვიდა სხუაჲ ღაღადისი და ჰრქუა იობს: ძენი შენნი და ასულნი შენნი ჭამდეს და სუმიდეს ძმისა მათისა თანა უხუცესისა. 19და მეყსეულად ქარი დიდი მოჴდა უდაბნოჲთ და ეკუეთა ოთხთავე კიდეთა სახლისათა. და დაეცა სახლი იგი ყრმათა შენთა ზედა და მოწყდეს. განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა. 20და ესრეთ აღდგა იობ და დაიპო სამოსელი თჳსი და აღიპარსა თმაჲ თავისა თჳსისაჲ და დავარდა ქუეყანასა ზედა და აღდგა და თაყუანის-სცა უფალსა პირსა ზედა თჳსსა. 21და თქუა: მე შიშუელი გამოვედ მუცლისაგან დედისა ჩემისა, შიშუელივე მივიქცე მუნვე ქუეყანად, უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ. 22ამას ყოველსა ზედა, რომელი შეემთხჳა მას, არარაჲ შესცოდა იობ წინაშე უფლისა და არარაჲ თქუა უგნურებაჲ ღმრთისა მიმართ. |
შემდეგი თავი |