მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ივდითი |
თავი 5 |
1და უთხრეს ჰოლომფორნეს, ერისთავსა მას ძლიერებისა ასურასტანისასა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი განმზადებულ არიან ბრძოლად; გამოსავალნი მთათანი დაჴსნეს და მოზღუდნეს ყოველნი თხემნი მთათა მაღალთანი, დაუგიან ველთა ზედა დასაბრკოლებელნი. 2და განრისხნა ჰოლომფორე გულისწყომით ფრიად და მოუწოდა ყოველთა მთავართა მოაბისათა და ერისთავთა ამონისთა და ყოველთა პეტთა ზღჳსკიდისათა. 3და ჰრქუა მათ: მითხართ მე, ძენო ქანანისანო! ვინ არს ერი ესე, რომელი სხედს მთასა ამასა? და ვინ არიან დამკჳდრებულნი ქალაქთა და რა არს სიმრავლე ძალისა მათისა? და რა არს სიმაგრე მათი და სიმტკიცე? და ვინ აღდგომილ არს მათ ზედა მეფე წინამძღურად ერისა მათისა? 4და რასათჳს არა ისმინეს ჩემი, რათამცა მოვიდეს და მომეგებოდეს მე, ვითარცა-იგი ყოველნი მკჳდრნი მზისა დასავლისანი? 5მიუგო და ჰრქუა მას აქიორ, მთავარმან ძეთა ამონისთამან: ისმინენ უფალმან ჩემმან სიტყუაჲ პირისაგან მონისა მისისა, და გითხრა შენ ჭეშმარიტი ერისა მისთჳს, რომელი დამკჳდრებულ არს მთასა ამას მახლობელად შენსა და არა გამოვიდეს ნაცილი პირისაგან მონისა შენისა. 6ესენი არიან ნაშობნი ქალდეველთანი. 7და მწირობდეს პირველად შუამდინარესა, რამეთუ არა ინებეს შედგომად ღმერთთა მამათა მათთასა, რომელნი იყვნეს ქუეყანასა ქალდეველთასა დაბადებულ. 8და გამოვიდეს გზათაგან ნათესავთა მათთასა. 9და თაყუანი-სცეს ღმერთსა ცათასა, ღმერთსა, რომელი იცნეს ჭეშმარიტი, და გამოიყვანნა იგინი პირისაგან ღმრთისათა და ივლტოდეს შუამდინარედ. მწირობდეს მუნ დღეთა მრავალთა და ჰრქუა მათ ღმერთმან მათმან: მწირობისაგან მათისა გამოსულა და მოსულა ქუეყანად ქანანისა, და მკჳდრობდეს მუნ ორასდაათხუთმეტ წელ და განმრავლდეს ოქროთა და ვეცხლითა და საცხოვრით ფრიად. და შთავიდეს ეგჳპტედ, რამეთუ დაფარა სიყმილმან პირი ქუეყანისა ქანანისა და მწირობდეს კუალად მუნ ორასდაათხუთმეტ წელ, ვიდრემდე გამოიზარდნეს. და იქმნეს მუნ სიმრავლე დიდი და არა იყო რიცხჳ ნათესავისა მათისა. 10და აღდგა მეფე ეგჳპტისა ბრძოლად მათ ზედა შრომითა ალიზისა საქმითა და დაამდაბლის სიმრავლე მათი და დაიმონნეს იგინი. და ღაღადებდეს ღმრთისა მიმართ მათისა და გვემნა იგინი ღმერთმან მათმან მათითა ტანჯვითა და მოსრა ყოველი ქუეყანა ეგჳპტისა წყლულებით, რომლისა არა იყო კურნებაჲ. ოდეს გამოავლინეს ეგჳპტელთა, აღებულ იქმნეს წყლულებანი მათგან და კუალად დევნა-უყვეს, ენებათ დაპყრობაჲ, დამონებაჲ და კირთადა. 12და ივლტოდენ რა, ღმერთმან ცათამან განაჴმო ზღუაჲ მეწამული წინაშე მათსა, და წყალნი იგი იქმნნეს ზღუდე მაღალ ამიერ და იმიერ და იგინი ფერჴითა დაულტოლველითა ვიდოდეს სიღრმეთა ზღჳსასა. 13და სადა სდევნიდეს მეგჳპტელნი, მოაქცია და წყალმან დაანთქნა იგინი, რომელ არცაღა თუ ერთი განერა მოსაჴსენებელად შემდგომთათჳს. 14ხოლო მათ განვლეს ზღუაჲ მეწამული და დაეშენნეს მთასა სინასა, სადა არა ძალ-ედვათ კაცთა დაბანაკებად, ანუ ძესა კაცთასა განსუენებად. 15მუნ წყალნი მწარენი დაუტკბნა სასმელად მათდა და ზეცით საზრდელი უწჳმა ორმეოცთა წელთა. 16თჳნიერ მშჳლდ-კაპარჭთა და საჭურველთა და მახჳლთასა ბრძოდა მათ წილ ღმერთი მათი და ყოველნივე მძლავრნი დასცნა. 17და არა ვისგან ევნო ბანაკსა მათსა, უკუეთუმცა არა შესცოდეს უფალსა ღმერთსა მათსა. 18ხოლო უკუეთუ სხუათა თაყუანის-სციან გარეშე ღმრთისა მათისა, მიეცემოდიან ტყუეობასა და სრვასა და იქმნებოდიან ყოველთაგან საყუედრელ. 19და რაოდენგზის შეინანებდენ განშორებასა ღმრთისა მათისასა, ღმერთი ცათა მისცემდა ძლიერებასა და სიმჴნესა. 20და განასხნეს ქანანელნი იგი პირისაგან მათისა. ეგრევე ფერეზელნი იგი და იებოსელნი და სუიქემი და ყოველნი გერგესეველნი, და დაემკჳდრნეს მათ შინა დღეთა მრავალთა, 21ვითარცა არღა ეცოდა წინაშე ღმრთისა მათისა და იყო კეთილი მათა, რამეთუ ღმერთი მოძულე სიცრუისა არს მათ თანა. 22ხოლო რაჟამს განდგეს გზისა მისგან, რომელი ღაუდვა მათ სჯული, მოისრნეს მრავლითა ბრძოლითა მრავალ ჟამ ფრიად და წარიტყუენნეს ქუეყანასა უცხოსა, და ტაძარი ღმრთისა მათისა იქმნა ოჴერ და ქალაქნი მათნი დაიპყრნეს მტერთა მათთა. 23და აწ მოიქცეს ღმრთისა მათისა, აღმოსრულ არიან განბნეულებისაგან მათისა, სადა-იგი იყვნეს განთესილად და კუალად და-ვე-იპყრეს იერუსალჱმი, სადა-იგი არს სიწმიდე მათი, და დაემკჳდრნეს მთასა ამას შინა, რამეთუ იყო მოოჴრებულ. 24და აწ, ჴელმწიფეო უფალო! უკუეთუ არს რამე უმეცრება ერსა მას შინა, ცოდვენ ღმრთისა მიმართ მათისა და ვიხილოთ, რამეთუ ესე საცთურ არს მათა, აღვიდეთ და ვჰბრძოთ მათ. 25და უკუეთუ არა არს უსჯულოება მათ შორის და ნათესავსა მათსა თანა, წარვედინ უფალი ჩემი. ნუუკუე შეეწეოდის მათ ღმერთი მათი და ვიქმნნეთ ჩუენ სირცხჳლეულ და ყუედრებულ ყოველსა ქუეყანასა. 26და ვითარცა დასცხრა აქიორ სიტყუათაგან, დრტჳნვიდა ყოველი ერი, რომელი გარემო იყო კარავსა ჰოლომფორესა. 27და თქუეს მთავართა ჰოლომფორესთა და ყოველთა მკჳდრთა ზღჳსკიდისათა და მოაბელთა, რათა განიპატიჟოს აქიორ, რამეთუ არა გუეშინის ჩუენ ძეთაგან ისრაჱლისათა, ერისა მის, რომელთა არა ძალ-უც წყობად. 29აწ აღვიდეთ ჩუენ და ვქმნეთ შესაჭმელ ყოვლისა ერისა შენისა, უფალო ჰოლომფორე! |
წინა თავი | შემდეგი თავი |