მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 10 |
1ხოლო მაკაბელმა და მისმა თანამზრახველებმა, როცა უფალმა კვლავ იბრუნა მათკენ პირი, ტაძარიცა და ქალაქიც დაიბრუნეს, 2მოედანზე კი უცხო ტომთა ნაგები სამსხვერპლოები და საკერპოები გაანადგურეს. 3ტაძარი რომ განწმიდეს, ახალი სამსხვერძლო ააგეს; მერე კაჟებიდან დააკვესეს ცეცხლი და ორწლიანი შუალედის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს, აკმიეს საკმეველი, აანთეს სასანთლეები და მიიტანეს დასადებელი პურები. 4აღასრულებდნენ ამ წესს და ევედრებოდნენ ღმერთს ქვედამხობილნი, აღარ დასტეხოდათ თავს ამგვარი უბედურებები; ხოლო თუ შესცოდავდნენ, დიდსულოვნებით დარიგებულიყვნენ მისგან და არ ჩაცვენილიყვნენ ღვთისმგმობელთა და ბარბაროსთა ხელში. 5ერთსადაიმავე დღეს მოუწია ტაძარს უცხო ტომთაგან შეგინებამაც და განწმედამაც. ეს მოხდა ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღეს. 6რვა დღეს ზეიმობდნენ მას, როგორც კარვობის დღესასწაულს, იხსენებდნენ, ცოტა ხნის წინ კარვობის დღესასწაულზე მთებსა და მღვიმეებში ველის მხეცებივით რომ დაეხეტებოდნენ. 7ეპყრათ კვერთხები და მთის მცენარეთა ტოტები, აგრეთვე პალმის რტოები და მადლს სწირავდნენ მას, ვინც თავისი წმიდა ადგილი გააწმედინა მათ. 8დააწესეს საერთო დადგენილებითა და კენჭისყრით, რომ იუდაელთა მთელ მოდგმას ყოველწლიურად აღენიშნა ეს დღეები. 9ასეთი იყო აღსასრული ეპიფანედ წოდებული ანტიოქოსისა. 10ახლა კი ანტიოქოს ევპატორის, უღვთო კაცის შვილის დროს მომხდარ ამბებს მოგახსენებთ და მხოლოდ ომების დროს მომხდარ ბოროტებათა აღწერით შემოვიფარგლებით. 11როცა ანტიოქოსმა სამეფო მიიღო, საქმეები ჩააბარა ვინმე ლისიას, კოილეს სირიისა და ფინიკიის მთავარსარდალს. 12რაკი პტოლემეოსი, მაკრონად წოდებული, სამართლიანობას იჩენდა იუდაელთა მიმართ მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობათა სანაცვლოდ და ცდილობდა მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას, 13ამიტომ მეფის მეგობრებმა მას ევპატორთან ცილი დასწამეს; ყველამ მოღალატედ აღიარა იგი, რადგან მან დატოვა კვიპროსი, რომელიც ფილომეტორმა ჩააბარა მას და ანტიოქოს ეპიფანესთან გადავიდა. ლისიამაც, ღირსეულად რომ ვერ წარმართა მისდამი რწმუნებული განმგებლობა, მოიწამლა თავი და ასე დაასრულა სიცოცხლე. 14ხოლო გორგია, რომელიც ამ ადგილების სტრატეგოსი გახდა, ინახავდა უცხოელთა დაქირავებულ ჯარს და იუდაელებთან ომისთვის მუდამ მზად იყო. 15ამასთან ერთად, ედომელნიც, რომელთაც მთავარი ციხე-სიმაგრეები ეჭირათ, უსაფრდებოდნვნ იუდაელებს; ისინი იერუსალიმელ ლტოლვილებს თავშესაფარს სთავაზობდნენ და მზად იყვნენ საომრად. 16მაკაბელის მეომრებმა, მას შემდეგ რაც ილოცეს და შეევედრნენ ღმერთს, რომ მათი თანამებრძოლი გამხდარიყო, ედომის ციხე-სიმაგრეებს შეუტიეს. 17იერიშით საბოლოოდ იგდეს ხელთ ყველა ადგილი და გალავანზე მებრძოლი ყველა შემუსრეს; კლავდნენ, ვინც კი გზად შეხვდებოდათ, გაწყვიტეს არანაკლებ ოციათასი კაცისა. 18როცა ცხრაათასამდე კაცმა თავი შეაფარა ორ გოდოლს, რომლებიც საკმაოდ იყო გამაგრებული, რომ ალყისთვის გაეძლოთ, 19მაკაბელმა დატოვა სიმონი და იოსები, აგრეთვე ზაკქეოსი და მისი ხალხი, საკმარისნი იმისათვის რომ გოდლები ალყაში მოექციათ, თავად კი წავიდა. 20მაგრამ სიმონის ხალხი, ვერცხლის სიყვარულით აღგზნებული, ზოგიერთებმა მეციხოვნეთაგან ვერცხლით მოისყიდეს და მათაც სამოცდაათიათასი დრაქმის საფასურად გააპარეს ზოგი მათგანი. 21როცა მაკაბელს ეს ამბავი აუწყეს, მან შეკრიბა ხალხის წინამბრძოლები და ბრალი დასდო ამ კაცებს, რომელთაც ფულზე გაყიდეს მოძმენი და მტრებს ხელი გაუხსნეს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. 22მან სიკვდილით დასაჯა დამნაშავენი, როგორც მოღალატეები, და მაშინვე ორ გოდოლზე წარმატებით მიიტანა იერიში. 23აიღო გოდლები გამარჯვების მომხვეჭელი იარაღით, გაანადგურა მათში მსხდომი ოციათასზე მეტი კაცი. 24ახლა ტიმოთემ, რომელიც ადრე იუდაელებმა დაამარცხეს, შეკრიბა დიდძალი დაქირავებული ჯარი და აზიიდანაც არამცირედი რაოდენობის ცხენოსნები შეაგროვა, და დაიძრა იუდას დასალაშქრავად. 25როცა მოახლოვდნენ ისინი, მაკაბელის ხალხმა თავზე მიწის მტვერი დაიყარა, ჯვალო შემოირტყა წელზე და ლოცვა-ვედრება აღავლინა ღვთისადმი. 26სამსხვერპლოს კვარცხლბეკთან დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, წყალობის თვალით მიეხედა მათთვის, მათი მტრების მტერი და მათ წინამდეგთა წინამდეგი გამხდარიყო, როგორც ამას რჯული აცხადებს. 27ღვთისმსახურების შემდეგ იარაღი აისხეს და კარგა მანძილზე გაშორდნენ ქალაქს; მიუახლოვდნენ მათზე წამოსულ მტერს 28და განთიადისას ორი ლაშქარი შეება ერთმანეთს: ერთნი, ვინც გამარჯვების იმედს თავის ძალაზე კი არა, არამედ უფლის შეწევნაზე ამყარებდნენ, და მეორენი, ვინც ბრძოლაში წინამძღოლად მძვინვარება დაიყენეს. 29ბრძოლა რომ შენივთდა, მოწინააღმდეგეს ციდან მოეჩვენა ოქროს მოსართავებით შეკაზმულ ცხენებზე ამხედრებული ხუთი ღირსეული კაცი, რომლებიც გაუძღვნენ იუდაელებს; 30მათ შუაში მოიქციეს მაკაბელების ლაშქარი, თავიანთი იარაღით იცავდნენ მათ და დაჭრისგან იფარავდნენ. მტრის ლაშქარს კი სტორცნიდნენ ისრებსა და მეხს, და თავგზააბნეულნი და დაბრმავებულნი აქეთ-იქით იფანტებოდნენ. 31გაწყდა ორიათას ხუთასი კაცი, მხედარი კი ექვსასი. 32თავად ტიმოთემ კი მიაშურა გაზარად წოდებულ ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქერეას ჰქონდა ჩაბარებული და კარგად იყო მომარაგებული. 33ხოლო მაკაბელის ხალხი, გამარჯვებით გახალისებული, ოთხი დღე ალყით ადგა ციხეს. 34ციხეში მყოფნი, მიუვალი ადგილით დაიმედებულნი, ღმერთს გმობდნენ და უკადრის სიტყვებს გაჰყვიროდნენ. 35მეხუთე დღე რომ გათენდა, ოცი ახალგაზრდა მაკაბელის რიგებიდან ღვთისმგმობელობის გამო შურით ანთებული, ვაჟკაცურად მიეჭრა გალავანს და რისხვით გამძვინვარებული მუსრავდა ყველა დამხვდურს. 36სხვებმაც მათ მსგავსად ციხეზე იერიში მიიტანეს; წაუკიდეს ცეცხლი გოდლებს და ცოცხლად წვავდნენ ღვთის მგმობელთ ცეცხლში. სხვებმა კარიბჭე შელეწეს და დანარჩენი რაზმებიც ციხეში შეუშვეს. ასე აიღეს ქალაქი. 37მოკლეს ტიმოთე, რომელიც ჭაში იყო დამალული, ასევე მისი ძმა ქერეა, და აპოლოფანეც. 38ამის შემდეგ საგალობლებითა და სამადლობლებით დალოცეს უფალი, რომელმაც დიდი სიკეთე მომადლა ისრაელს და გაამარჯვებინა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |