მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 12 |
1როცა შეთანხმება დადებული იქნა, ლისია დაბრუნდა მეფესთან, იუდაელებმა კი მიწის დამუშავებას მიჰყვეს ხელი. 2მაგრამ იქაური სარდლები - ტიმოთე და აპოლონიოს გენეოსის ძე, ასევე იერონიმუსი და მათ გარდა დემოფონი, ასევე ნიკანორიც - კვიპროსის განმგებელი, არ აძლევდნენ მათ წყნარი და მშვიდობიანი ცხოერების საშუალებას. 3იაფოელებმა კი ასეთი უღვთოება ჩაიდინეს: შესთავაზეს მეზობლად მოსახლე იუდაელებს ასულიყვნენ მათი ხელით დამზადებულ ნავებზე დედაწულიანად, თითქოს მათდამი უკეთური ზრახვა არ სდებოდეთ გულში. 4როცა ისინი დათანხმდნენ, რაკი მშვიდობა სურდათ და თან არც არაფერზე დაეჭვებულან, მაშინ იაფოელებმა, ქალაქის საერთო დადგენილებით, ნაპირს რომ მოშორდნენ, ყველანი წყალში ჩაძირეს, არანაკლებ ორასი კაცისა. 5როცა იუდამ თვისტომთა მიმართ ჩადენილი ასეთი სისასტიკე გაიგო, გამოუცხადა ეს თავისიანებს, 6მოუხმო სამართლიან მსაჯულს, ღმერთს, და გაილაშქრა ძმათა მკვლელების წინააღმდეგ; ნავსადგურს ღამე ცეცხლი წაუკიდა და გადაწვა ნავები; ხოლო ვინც ნავსადგურში მოვარდა, ყველა ამოჟლიტა. 7რაკი გადაკეტილი იყო ეს ადგილი, იუდამ დატოვა იაფო; გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კვლავ მობრუნებულიყო და ერთიანად გაევლო მუსრი იაფოელებისთვის. 8იუდამ ისიც შეიტყო, რთამ იამნიას მკვიდრნიც ამასვე უპირებდნენ იქაურ იუდაელებს, 9ღამით თავს დაესხა იამნიელებს და გადაწვა მათი ნავსადგურები ხომალდებთან ერთად, ისე რომ ცეცხლის ალი იერუსალიმიდან ორასორმოცი სტადიონის მანძილზე ჩანდა. 10ტიმოთესკენ რომ წამოვიდნენ, ცხრა სტადიონზე არაბები დაესხნენ მათ თავს, არანაკლებ ხუთი ათასი ქვეითისა და ხუთასი ცხენოსნისა. 11გაიმართა სასტიკი ბრძოლა და იუდამ და მისმა თანამებრძოლებმა ღვთის შეწევნით წარმატებას რომ მიაღწიეს, დამარცხებულმა მოხეტიალე არაბებმა გადაწყვიტეს დაზავებოდნენ იუდას, დაპირდნენ ჯოგებს და ყოველმხრივ დახმარებოდნენ მის ხალხს. 12იუდამაც გაითვალისწინა, რთშ მართლაც დიდად სასარგებლონი იქნებოდნენ მათთვის არაბები და დათანხმდა, მათთან ზავი დაედო. დაზავდნენ და თავ-თავიანთ კარვებში დაბრუნდნენ. 13გარდა ამისა, იუდამ აიღო ერთი ხიდებით გამაგრებული და კედლებით გარშემოვლებული, სხვადასხვა ტომით დასახლებული ქალაქი, რომელსაც ეწოდებოდა კასპინი. 14ქალაქის მკვიდრნი მტკიცე გალაგნებითა და სურსათ-სანოვაგით გულმოცემულნი, ერთობ უკმეხად იქცეოდნენ; შეურაცხყოფდნენ იუდას, ღმერთს გმობდნენ და ილანძღებოდნენ. 15ხოლო იუდას ხალხმა მოუხმო სამყაროს დიდ მეუფეს, რომელმაც იესოს დროს საიერიშო ტარანებისა და საალყო მანქანების გარეშე დაამხო იერიქონი, და დიდი შემართებით შეუტია კედლებს. 16როცა ღვთის შეწევნით ქალაქი აიღეს, ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ისე რომ მიმდებარე ტბაშიც კი, რომელსაც ორი სტადიონის სიგანე ჰქონდა, თითქოს სისხლი იყო ჩაგუბებული. 17აქედან წამოვიდნენ შვიდასორმოცდაათი სტადიონის მანძილზე და შევიდნენ ქარაკში, ეგრეთწოდებულ ტუბიის იუდაელებთან. 18მაგრამ ვერ მოიხელთეს ამ ადგილებში ტიმოთე, რომელიც ისე გაშორდა ამ მხარეს, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწო, მხოლოდ ერთ ადგილას დატოვა მტკიცე დაცვა. 19ამიტომ დოსითეოსი და სოსიპატროსი, მაკაბელთა წინამძღოლები, წამოვიდნენ და ამოწყვიტეს ტიმოთეს ჩაყენებული მეციხოვნეები - ათიათასზე მეტი კაცი. 20მაკაბელმა კი თავისი ჯარი რაზმებად დაყო და ტიმოთეზე მოიტანა იერიში, მის ასოციათას ქვეითზე, ორიათას ხუთას მხედარზე. 21ტიმოთემ იუდას მოახლოება რომ გაიგო, ქალები, ბავშვები და ჯარის ყოველგვარი აღალი გახიზნა ეგრეთწოდებულ კარნიონში. რადგან ეს სიმაგრე მოუხერხებელი იყო ალყისთვის მიუდგომელი მდებარეობის გამო. 22იუდას პირველი რაზმი რომ გამოჩნდა, შიში ჩამოვარდა მტრებში და თავზარი დასცა მათ ყოვლისმჭვრეტელის ხილვამ; მაშინვე უკუიქცნენ, ვინ სად გარბოდა და ვინ სად, ისე რომ მეტ წილს თვითონვე თავისიანები ხოცავდნენ, ჩხვლეტდნენ და კაწრავდნენ მახვილთა წვერებით. 23იუდა დაუნდობლად დევნიდა მტერს, ერთიანად მუსრს ავლებდა უწმიდურთ, ოცდაათიათასამდე კაცი გაანადგურა. 24თავად ტიმოთე ხელთ ჩაუვარდა დოსითეოსსა და სოსიპატროსს და მათ ხალხს და ათასგვარი ხრიკებით ევედრებოდა მათ ცოცხალი გაეშვათ იგი, რადგან ბევრი იუდაელის მამა, ზოგისაც ძმა, მძევლებად ჰყავდათ ანტიოქელებს და არ დაინდობდნენ მათ, თუ ტიმოთე მოკვდებოდა. 25როცა მრავალი საბუთით დაარწმუნა ტიმოთემ, რომ მძევლებს უვნებლად გაათავისუფლებდა, მათაც გამოუშვეს იგი, რათა ამით თავიანთი მოძმეები დაეხსნათ. 26ხოლო კარნიონსა და ასგერგატიონთან ლაშქრით გამოსულმა იუდამ ოცდახუთი ათასი კაცი გაწყვიტა. 27მათი დამარცხებისა და შემუსვრის შემდეგ მან ქალაქი ეფრონიც დალაშქრა, გამაგრებული ადგილი, სადაც სახლობდა ლისია და მრავალი სხვადასხვა ტომი. აქ, კედლების წინ, მედგრად იბრძოდნენ ძლიერი ჭაბუკები. მათ ქალაქის კედლებთან მოზიდეს ბევრი საიერიშო მანქანა და სატყორცნი მოწყობილობა. 28მაკაბელის ხალხი კი ხმამაღლა მოუხმობდა მეუფეს, მტრის სიმაგრეთა დამაქცეველს, და აიღეს ქალაქი. გაანადგურეს ოცდახუთიათასამდე კაცი. 29აქედან იერიშით წამოსულები მიადგნენ სკვითოპოლისს, იერუსალიმიდან სამოცი სტადიონით დაშორებულს. 30მაგრამ იქაურმა იუდაელებმა დაუმოწმეს, რომ სკვითოპოლოსელები მათდამი კეთილად არიან განწყობილნი და გასაჭირში მოკრძალებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ხოლმე. 31ამისათვის მათ მადლობა მოახსენეს და დაარწმუნეს, რომ მომავალშიც მათი მოდგმისადმი კეთილად იქნებოდნენ განწყობილნი. შემდეგ წამოვიდნენ იერუსალიმში, რადგან ახლოვდებოდა შვიდეულთა დღესასწაული. 32ხოლო ორმოცდაათების დღესასწაულის შემდეგ გამოილაშქრეს გორგიაზე, ედომის განმგებელზე. 33მაკაბელი სამიათასი ქვეითითა და ოთხასი მხედრით გამოვიდა. 34ბრძოლაში იუდაელთა მცირედი ნაწილი დაეცა. 35ხოლო ვინმე დოსითეოსმა, ბაკქენორის ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა, ცხენოსანმა და ძლიერმა კაცმა, შეიპყრო გორგია, ხელი ჩაავლო მას მოსასხამზე და მძლავრად დაითრია. უნდოდა ცოცხლად დაეტყვევებინა ის წყეული, მაგრამ დოსითეოსს თავს დაესხა ერთერთი თრაკიელი მხედარი და მხარი მოკვეთა; ხოლო გორგია მარისაში გაიქცა. 36როცა ესდრისთან გაგრძელდა ბრძოლა და მეომრებსაც გამოეცალათ ძალა, მოუხმო იუდამ უფალს, შეწეოდა მათ და ომში წინამძღოლობა გაეწია. 37დასჭექა მშობლიურ ენაზე საბრძოლო ყიჟინა და საგალობლები და მოულოდნელად დააცხრა გორგიას და უკუაქცია მისი ლაშქარი. 38ხოლო იუდამ წამოიყვანა თავისი ლაშქარი და შევიდა ქალაქ ყადულამში. და, რაკი დამდგარი იყო შვიდეულთა დღესასწაული, რჯულისამებრ განწმედილმა იუდაელებმა აქ გაატარეს შაბათი. 39მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა გვამები და ნათესავებთან ერთად მშობილიური სამარხებისთვის მიებარებინათ ისინი. 40ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი. 41და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ. 42დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით. 43შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა. 44ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას. 45იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად. |
წინა თავი | შემდეგი თავი |