მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 3 |
1როცა მშვიდობა სუფევდა წმიდა ქალაქში და რჯულსაც ონია მღვდელთმთავრის ღვთისმოსავობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით პატიოსნად იცავდა ხალხი, 2თავად მეფეებიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და საკურთხეველსაც საგანგებო ძღვენს სწირავდნენ. 3ასე, რომ, თვით აზიის მეფეს, სელევკოსსაც კი გაუღია საკუთარი ხაზინიდან სახსრები ყოველგვარი მსხვერბლშეწირვისა და ღვთისმსახურებისათვის. 4მაგრამ ერთი კაცი, სახელად სიმონი ბენიამინის ტომიდან, ტაძრის მეურვედ რომ დაადგინეს, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე შემოედავა მღვდელმთავარს. 5რომ ვერ აჯობა ონიას, წავიდა აპოლონიოს თრასეას ძესთან, კოილეს სირიისა და ფინიკიის იმდროინდელ სარდალთან. 6და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძურები სავსე იყო ფულით და რომ იქ უთვალავი სხვა ნივთიც იპოვებოდა, და რომ ისინი არ ეკუთვნოდა შესაწირავებს და რომ შეიძლებოდა მეფეს ხელთ ეგდო ეს ყველაფერი. 7აპოლონიოსიც შეხვდა თავად მეფეს, მოახსენა ფულის თაობაზე, რაზეც იყო ლაპარაკი, და მეფემაც გადაწყვიტა, ამ საქმეზე ჰელიოდოროსი გაეგზავნა ხსენებული ფულის წამოსაღებად. 8ჰელიოდოროსმა მაშინვე დაიწყო სამზადისი; კოილეს სირიისა და ფინიკიის ქალაქთა დათვალიერებას იმიზეზებდა, სინამდვილეში კი მეფის დანაბარები უნდა შეესრულებინა. 9მოყვრულად მიიღო იერუსალიმში ჩასული ჰელიოდოროსი ქალაქის მღვდელმთავარმა და მანაც აუწყა მას მეფის მოთხოვნა და განუცხადა, რის გამოც იყო აქ მოვლენილი; თან ეკითხებოდა მღვდელმთავარს, სიმართლე იყო თუ არა საგანძურის ამბავი. 10მღვდელმთავარმა განუმარტა, ეს ქონება ქვრივებისა და ობლების მობარებულიაო, 11ნაწილი კი ერთი დიდად გავლენიანი კაცის, ჰირკანოს ტობიას ძის არისო. ჩვენთან სულ ოთხასი ტალანტი ვერცხლი და ორასი ტალანტი ოქრო ინახება, უკეთურმა სიმონმა კი ცილი დაგვწამაო. 12ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც დაენდო ამ კვრივ ადგილს და მთელს სამყაროში პატივდებული ტაძრის სიწმიდესა და შეუვალობას, ყოვლად დაუშვებელიაო. 13მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით ითხოვდა მეფის განკარგულების აღსრულებას; ამბობდა, ეს ქონება მეფის საგანძურში უნდა შევიდესო. 14დადგენილ დღეს იგი შეუდგა განზრახულის განხორციელებას, რასაც ქალაქში დიდი მღელვარება მოჰყვა. 15მღვდლები, წოდების შესაბამისად შემოსილნი, სამსხვერპლოს წინ დაემხენ და უხმობდნენ ცაში იმას, ვინც ტაძრისთვის მიბარებულის რჯული დააწესა, დაეცვა მიმბარებელთა ქონება. 16გული ეკუმშებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს - სულიერ ტკივილს მისი სახის გამომეტყველება და კანის ფერიც კი შეეცვალა. 17შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს. 18სახლებიდანაც გამორბოდა ხალხი საყოველთაო ლოცვაზე, რაკი წმიდა ადგილს შეგინება მოელოდა. 19ჯვალოთი წელშემოსარტლული ქალები ქუჩებში გროვდებოდნენ, სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარიბჭისკენ გარბოდა, ზოგი გალავანზე გადიოდა, ზოგიც სარკმლიდან იყურებოდა. 20ყველა იწვდიდა ცისკენ ხელებს და ლოცვა-ვედრებას აღავლენდა. 21საცოდავი საყურებელი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და მოლოდინით გათანგული მღვდელმთავარი. 22ევედრებოდნენ ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაეცვა მორწმუნეთა მიბარებული განძი. 23ჰელიოდოროსი კი შეუდგა განზრახულის აღსრულებას. 24და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს, სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და მთელს მის ამალას; ყველას, ვინც კი გაბედა ჰელიოდოროსის თანხლება, ზარი დასცა ღვთის ძალამ და შიშისგან ცნობა წაერთვათ. 25ეჩვენათ დიდებულად აღკაზმული ცხენი საშინელი მხედრით; ფიცხლად მიეჭრა იგი ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები აძგერა მას. მხედარი, როგორც ჩანდა, მთლიანად ოქროთი იყო შემოსილი და აღჭურვილი. 26მხედართან ერთად გამოჩნდა ორი სხვა ჭაბუკი, ძალით გამორჩეულნი, სახით მშვენიერნი და ბრწყინვალედ შემოსილნი; ორივე მხრიდან მოსდგნენ ჰელიოდოროსს და გაშოლტვა დაუწყეს, ჭრილობებით დაუფარეს ტანი. 27მყისვე დაეცა მიწაზე ჰელიოდოროსი და ღრმა წყვდიადმა მოიცვა იგი. აიღეს და საკაცეზე დადეს. 28და ის, ვინც წეღან დიდი ამალითა და მრავალი შუბოსნის თანხლებით შედიოდა საგანძურში, ახლა უმწეო გამოჰქონდათ უკან; ცხადი გამხდარიყო მისთვის ღვთის ძლევამოსილება. 29და ეგდო უხმოდ, ღვთაებრივი ძალით დასჯილი, ყოველგვარ იმედსა და ხსნას მოკლებული. 30აუდაელები კი განადიდებდნენ უფალს, სასწაული რომ მოუვლინა თავის სამკვიდრებელს და სულ ცოტა ხნის წინ შიშითა და დაბნეულობით აღვსილი ტაძარი ახლა, ყოვლისშემძლის გამოცხადებით, სიხარულითა და მადლით აღივსო. 31მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ნათესავთაგანი ეახლა ონიას და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა სულთმობრძავისათვის. 32მღვდელმთავარიც შეშინდა, მეფეს არ ეფიქრა, თითქოს იუდაელებს ჰელიოდოროსისადმი რაიმე ავი განზრახვა ჰქონოდეთ, და მსხვერპლშეწირვა აღასრულა კაცის გადასარჩენად. 33ამ გამოსასყიდი ღვთისმსახურების დროს კვლავ გამოეცხადნენ ჰელიოდოროსს ჭაბუკები, იმავე სამოსელში გამოწყობილნი, წინ დაუდგნენ და უთხრეს: დიდი მადლი უნდა მიაგო ონია მღვდელმთავარს, რადგან მისი წყალობით გაჩუქა სიცოცხლე უფალმა. 34შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი ძლევამოსილება. ეს თქვეს და გაუჩინარდნენ. 35ხოლო ჰელიოდოროსმა მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი აღთქმა აღუთქვა სიცოცხლის ხსნისათვის, მადლი მიაგო ონიას და თავისი მხედრობითურთ მეფესთან გაბრუნდა. 36ადასტურებდა ყველას წინაშე. რომ იხილა უზენაესი ღმერთის მოქმედება. 37ხოლო მეფის შეკითხვაზე, ვის მიიჩნევდა შესაფერისად, ერთხელ კიდევ რომ გაეგზავნათ იერუსალიმში, ჰელიოდოროსი პასუხობდა: 38თუ გყავს ვინმე მტერი, ან ვინმე ისეთი, ვისაც შენს საქმეებზე ბოროტად უჭირავს თვალი, ის გაგზავნე და უკან მიიღეს მას გაშოლტილს, თუ ცოცხალი გადარჩა, რადგან ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაა დასადგურებული ამ ადგილზე. 39თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს ამ ადგილს და იცავს მას, ამხობს და ანადგურებს შეურაცხმყოფელს. 40აი, ეს შეემთხვა ჰელიოდოროსს და ასე გადარჩა საგანძური. |
წინა თავი | შემდეგი თავი |