მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 6 |
1გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ ეცხოვრათ. 2კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ. 3მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი უბედურება. 4აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული. 5აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული შენაწირებით. 6აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ. 7ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს მიაგებდნენ პატივს. 8პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. 9ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას, დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა. 10ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს. 11სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი დღესასწაული არ შეელახათ. 12ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას, პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. 13ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. 14რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი; 15არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. 16ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი. 17მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ. 18ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ. 19მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი. 20იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული საჭმლის ჭამაზე. 21ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა. 22რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა. 23მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა. 24ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო, 25თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო. 26იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად გავექცევით. 27ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო. 28ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად. 29მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა, ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად ჩათვალეს. 30ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს. 31ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |