მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა წიგნი*
თავი 8

1ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ფარულად მოიარეს სოფლები და მოუხმეს ნათესავებს და იუდაური რჯულის ერთგულებს და შეკრიბეს ექვსიათასამდე კაცი.

2მოუხმეს უფალს, რათა მოეხედა ყველასგან დაჩაგრული ხალხისთვის და მეოხად ჰყოლოდა უწმინდური ადამიანებისგან შეგინებულ ტაძარს.

3მოეღო მოწყალება განადგურებული ქალაქისათვის, მალე მიწას რომ გაუსწორდებოდა, და შეესმინა მის მიმართ მღაღადებელი სისხლისათვის.

4გაეხსენებინა უღვთოდ დაღუპული უცოდველი ჩვილები და თავისი სახელის შეგინება და ბოროტთა მიმართ სიძულვილით აღვსილიყო.

5როცა მაკაბელი ჩაუდგა რაზმებს სათავეში, უძლეველი შეიქნა იგი წარმართათვის, რადგან უფლის რისხვა მოწყალებად მოიქცა.

6იგი მოულოდნელად ესხმოდა თავს ქალაქებსა და სოფლებს და ცეცხლს უკიდებდა მათ; ასე დაიკავა მან მოხერხებული ადგილი და მრავალრიცხოვანი მტერი უკუაქცია.

7ამ თავდასხმებისთვის იგი უპირატესად ღამეს ირჩევდა. და ხმა იუდას ვაჟკაცობაზე ყველგან გავრცელდა.

8ფილიპემ დაინახა, რომ ეს კაცი თანდათან იკრებდა ძალას და ბედიც ხშირად სწყალობდა ხოლმე, და მისწერა პტოლემეოსს, კოილეს სირიისა და ფინიკიის განმგებელს, დახმარებოდა სამეფოს საქმეებში.

9მანაც მაშინვე დანიშნა ნიკანორი, პატროკლეს ძე, თავისი პირველი მეგობართაგანი, და გააგზავნა იუდაში ოციათასამდე კაგი სხვადასხვა ხალხებიდან და უბრძანა, მიწასთან გაესწორებინა იუდაელთა მთელი მოდგმა. მასთან ერთად გააგზავნა გორგიაც, სარდალი და საომარ საქმეებში გამოცდილი კაცი.

10ნიკანორს დაევალა, რომაელთათვის მეფის გადასახადი - ორასი ტალანტი იუდაელი ტყვეების ხარჯზე აენაზღაურებინა.

11მაშინვე დაგზავნა ნიკანორმა მაცნეები ზღვისპირა ქალაქებში, მოუწოდებდა მათ, იუდაელები მონებად შეესყიდათ და თითო ტალანტად ოთხმოცდაათ ტყვეს ჰპირდებოდა. არ ელოდა იგი, რომ ამის გამო ყოვლისშემძლის მსჯავრი დაატყდებოდა თავს.

12ეუწყა იუდას ნიკანორის გამოლაშქრების ამბავი და როცა მან თავის თანმხლებთ ლაშქრის მოახლოება აცნობა,

13ვინც კი მხდალნი და ღვთის სამართლისადმი ურწმუნონი იყვნენ, მიმოიფანტნენ და თავიანთი ადგილები მიატოვეს;

14სხვებმა კი ყველაფერი გაყიდეს, რაც ებადათ, და უფალს ევედრებოდნენ, უღვთო ნიკანორისგან დაეხსნა ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე იყვნენ გაყიდულნი,

15მათთვის თუ არა მათ მამა-პაპასთან დადებული აღთქმის გამო მაინც და იმის გამოც, რომ ისინი მისი წმიდა და დიდებული სახელით იწოდებიან.

16ხოლო მაკაბელმა შეკრიბა თავისი ხალხი - ექვსიათასამდე კაცი და მოუწოდებდა, არ შეშინებოდნენ მტერს, არ შემდრკალიყვნენ მათზე უსამართლოდ დაძრული მრავალრიცხოვანი წარმართების წინაშე და ვაჟკაცურად შებრძოლებოდნენ მათ.

17თვალწინ ჰქონოდათ მოძალადეთა მიერ წმინდა ადგილის შებღალვა, შეგინებული ქალაქების გაპარტახება და წინაპართა ცხოვრების წესის მოშლა.

18ისინი იარაღსა და გამბედაობას ენდობიანო, თქვა მან, ჩვენ კი ყოვლადძლიერი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ერთი წამისყოფით გაანადგურებს ჩვენზე გამოლაშქრებულებსაც და მთელ ქვეყნიერებასაცო.

19მან გაახსენა მათ ის ხანა, როცა ხსნა მოევლინა მათ წინაპრებს, სანქერიბის ხანა, როცა დაიღუპა ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი,

20და ის ხანაც, როცა ბაბილონში, გალატებთან ომში, საბრძოლველად მხოლოდ რვა ათასი კაცი მოვიდა ოთხი ათას მაკედონელთან ერთად და, როცა მაკედონელები აირ-დაირივნენ, ამ რვა ათასმა ასოცი ათასი კაცი გაანადგურა, რადგან ზეციური შეწევნა იყო მათზე მოვლენილი, და აურაცხელი ნადავლიც ერგოთ.

21ასე ამხნევებდა მათ და ამზადებდა რჯულისა და სამშობლოსათვის თავის გასაწირად. მერე ოთხ რაზმად დააწყო ჯარი იუდამ.

22რაზმებს, რომელთაგან თითოეული ათასხუთას კაცს ითვლიდა, წინამძღთლად თითო ძმა - სიმონი, იოსები და იონათანი - დაუყენა.

23შემდეგ ელეაზარს უბრძანა წმიდა წიგნი წაეკითხა და, ღვთის შეწევნით დაიმედებულმა, თვითონ იკისრა მეწინავე რაზმის წინამძღოლობა და ჩაება ნიკანორთან ომში.

24რაკი ყოვლადძლიერი იყო მათი შემწე, მოწინააღმდეგის ცხრა ათასზე მეტი კაცი გაანადგურეს, მეტი წილი ნიკანორის ლაშქრისა დაჭრეს და დაასახიჩრეს, და ყველანი უკუაქციეს.

25ფულებიც აიღეს მათგან, ვინც ტყვეთა გამოსასყიდლად იყო მოსული. კარგა დიდ მანძილზე სდიეს მტერს, ბოლოს კი შემოიქცნენ, რადგან გვიანი ჟამი იყო.

26რაკი შაბათი დგებოდა, აღარ გაუგრძელებიათ დევნა.

27შეაგროვეს მომხდურთა საჭურველი, იარაღი აჰყარეს დახოცილ მტერს და იდღესასწაულეს შაბათი: გულმდუღარედ მადლს სწირავდნენ და განადიდებდნენ უფალს, ვინც იხსნა ისინი ამ დღეს და მათზე მოწყალებას დასაბამი დაუდო.

28მერე ბრძოლაში დასახიჩრებულთ, ქვრივებსა და ობლებს, დაურიგეს ნადავლის ნაწილი, დანარჩენი კი თავიანთთვის და მცირეწლოვანთათვის დაიტოვეს.

29ეს რომ მოათავეს, საერთო ვედრებით შესთხოვეს მოწყალე უფალს, ბოლომდე შეეწყნარებთნა თავისი მორჩილნი.

30ტიმოთესა და ბაკქიდეს ჯარებთან შეტაკებაში ოციათასზე მეტი კაცი ამოხოცეს და მაღალი სიმაგრეები დაიკავეს. დასახიჩრებულებს, დაჭრილებს, ობლებსა და ქვრივებს თანაბრად გაშოუყვეს ნადავლის დიდი ნაწილი, უხუცესებმაც მიიღეს წილი.

31შეაგროვეს ნაალაფარი იარაღი და შეინახეს; ყველაფერი გულმოდგინედ დააწყვეს ხელმისაწვდომ ადგალას, დანარჩენი ნადავლი კი იერუსალიმში წაიღეს.

32ამ ბრძოლაში მოკლეს ტიმოთეს ჯარის მეთაური, უწმიდურზე უწმიდური კაცი, იუდაელებისთვის მრავალი უბედურების მომტანი.

33შემდეგ კი სამშობლოში გამარჯვება იზეიმეს და ცეცხლზე დაწვეს კალისთენე და ზოგი სხვაც, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს წმიდა კარიბჭეს და ერთერთ სახლს შეაფარეს თავი. კიდეც მიეზღოთ მათ მკრეხელობისთვის საკადრისი საზღაური.

34ხოლო სამგზის წყეულთ ნიკანორი, ვინც ათასი ვაჭარი წამოიყვანა იუდაელთა საყიდლად,

35უფლის შეწევნით მათგან აღმოჩნდა დამცირებული, ვისაც თავად არარაირად მიიჩნევდა. გაიძრო დიდებული სამოსელი და მარტოდმარტომ, როგორც გაქცეულმა მონამ, გადალახა ქვეყანა და ანტიოქიას მიაღწია. ასე გადარჩა იგი ცოცხალთ თავისი ლაშქრის განადგურების შემდეგ.

36ვინც რომაელებისთვის გადასახადის აკრეფას იერუსალიმელ ტყვეთა ხარჯზე ლამობდა, თავად აღიარა იუდაელთა უძლეველობა, რომ იუდაელებს ღვთისგან დადგენილი რჯულის მიმდევრებს, ვერავინ მიაყენებდა ზიანს.


წინა თავი შემდეგი თავი