მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მაკაბელთა წიგნი*
თავი 9

1ამ დროისთვის ანტიოქოსის ჯარმა უწესრიგოდ დაიხია სპარსეთის მიწებიდან.

2რადგან იგი შესული იყო პერსეპოლისად წოდებულ ქალაქში და აპირებდა ტაძრის ძარცვასა და ქალაქის აკლებას, ამიტომ შეიკრიბა ხალხი და თავის დასაცავად იარაღსაც მიმართეს. ადგილობრივ მკვიდრთაგან ოტებული ანტიოქოსი კი იძულებული გახდა სირცხვილნაჭამი დაბრუნებულიყო უკან.

3ეკბატანასთან ანტიოქოსის ყურამდე ნიკანორისა და ტიმოთეს ამბებმაც მიაღწია.

4და მანაც, განრისხებულმა, გადაწყვიტა იუდაელებზე ეყარა თავის მდევნელთა ჯავრი. ამიტომ უბრძანა მეეტლეს მთელი გზა შეუჩერებლივ ეჭენებინა ცხენები, მაგრამ ზეციური მსჯავრი უკან დადევნებოდა მას, რადგან ქედმაღლურად დაიქადნა: ერთი ჩამაღწევინა და იერუსალიმს იუდაელთა სასაფლაოდ ვაქცევო.

5მაგრამ ყოვლისმჭვრეტელმა უფალმა, ღმერთმა ისრაელისა, დასცა იგი უკურნებელი და უხილავი დარტყმით. დაასრულა თუ არა ანტიოქოსმა სიტყვა, უეცრად მუცლის აუტანელმა გვრემამ შეიპყრო იგი და შიგანში საშინელმა ტკივილებმა დაუარა,

6და სავსებით სამართლიანადაც: აკი თავად მრავალი და წარმოუდგენელი ტკივილებით სტანჯავდა სხვათა შიგანს.

7მაგრამ ოდნავადაც არ დაიცხრო თავისი სიამაყე, პირიქით, კიდევ უფრო ივსებოდა ქედმაღლობით, რისხვის ცეცხლს აფრქვევდა იუდაელებზე და განკარგულებას იძლეოდა, სვლა დაეჩქარებინათ. ამას ის მოჰყვა, რომ გაქანებული ეტლიდან გადმოვარდა, თანაც ისე მძიმედ, რომ მთელი ტანი დაელეწა.

8ვინც სულ ახლახან ზეადამიანური კადნიერებით ზღვის ტალღებზე განმგებლობას განიზრახავდა და ფიქრობდა სასწორზე აეწონა მთის მწვერვალები, ძირს იყო გართხმული და, საკაცეზე გაშოტილი, ცხადლივ უდასტურებდა ყველას ღვთის ძლევამოსილებას.

9ასე რომ მატლები დაფუთფუთებდნენ უწმიდურის სხეულში, და ჯერ კიდევ ცოცხალს და ტკივილისგან გაწამებულს, ზეზეურად სცვიოდა ხორცი, ხოლო მისი მყრალი სუნით მთელი ბანაკი იყო შეწუხებული.

10იმ კაცს, ვინც ცოტა ხნის წინ ოცნებობდა ციურ ვარსკვლავებს მისწვდენოდა, აუტანელი, მყრალი სუნის გამო საკაცითაც ვეღარავინ ატარებდა.

11აი მაშინ კი, უკვე მოტეხილმა, გადაწყვიტა თავის უზომო ქედმაღლობას შეშვებოდა და გონს მოგებულიყო, რადგან, ღვთისგან მსჯავრდადებულს, ყოველწუთს უძლიერდებოდა სატანჯველი.

12თავისსავე სუნს რომ ვეღარ გაუძლო, თქვა: სამართლიანია ღვთის მორჩილება და მოკვდავი ღვთისსწორობას არ უნდა ესწრაფოდეს.

13უწმიდური შესთხოვდა უფალს, რომელიც უკვე აღარ შეიწყნარებდა მას, ამბობდა:

14წმიდა ქალაქს, რომელსაც მიწასთან გასწორებას და სასაფლაოდ ქცევას ვუპირებდი, თავისუფლებას ვანიჭებ.

15იუდაელებს კი, რომლებსაც, ჩვენი განაჩენის თანახმად, საფლავიც არ უნდა ღირსებოდათ, და თავიანთ ჩვილებთან ერთად ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად უნდა დაგვეყარა, ყველას ათენელთა თანასწორად ვაცხადებო.

16წმიდა ტაძარს, რომელიც გაძარცული მყავს, უსაჩინოესი შენაწირებით შევამკობ, წმიდა ჭურჭლებს დავაბრუნებ უკლებლივ და მეტსაც შევძენ, ხოლო სამსხვერპლოდ აუცილებელ ხარჯებს ჩემი ხაზინიდან გავიღებო.

17ამასთანავე, მეც იუდაელი გავხდები და ჩავუვლი ყველა დასახლებულ ადგილს და ვიღაღადებ უფლის ძალმოსილებასო.

18მაგრამ არაფრით რომ არ დაუცხრა ტკივილები, რაკი უფლის სამართლიანი მსჯავრი მოწეულიყო მასზე, იმედმიხდილმა წერილი მისწერა იუდაელებს, თხოვნის სახით, რომელშიც ეწერა:

19ფრიად ღირსეულ იუდაელ მოქალაქეებს დიდ სიხარულს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს მეფე და სარდალი ანტიოქოსი.

20თუ ხართ ჯანმრთელად თქვენ და თქვენი შვილები და თუ თქვენი საქმეებიც ისეა, როგორც თქვენ გსურთ, დიდ მადლს ვწირავ ღმერთს და ცაზე ვამყარებ ჩემს იმედს.

21მე თქვენს პატივსა და კეთილგანწყობას სიყვარულით ვიხსენიებ. როცა სპარსეთის ფარგლები დავაგდე და მძიმე სენი შემეყარა, აუცილებლად მივიჩნიე საყოველთაო უსაფრთხოებაზე მეზრუნა.

22ძნელბედობაშიც არ მიპყრობს სასოწარკვეთილება, სენისგან განკურნების დიდი იმედი მასულდგმულებს,

23რაკი ვხედავ, რომ მამაჩემმაც, ერთდროს ზემო ქვეყნის მიწებზე ლაშქრით წამოსულმა, საჯაროდ გამოაცხადა თავისი მემკვიდრე,

24რათა მოულოდნელობის ან რაიმე უბედურების ჟამს ცოდნოდათ ქვეყნის მკეიდრთ, ვისზე იყო საქმეები მინდობილი და არ დაბნეულიყვნენ.

25გარდა ამისა, ვითვალისწინებ, რომ დღევანდელი მმართველები, ჩვენი სამეფოს მეზირლები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებენ, ელიან მოსახდენს. ამიტომ ვაცხადებ მეფედ ჩემს შვილს ანტიოქოსს, რომელიც ზემო სატრაპიების მონახულების დროს წარმიდგენია ხშირად უმეტესობა თქვენგანისთვის და ჩამიბარებია კიდეც. მისთვისაც მიწერილი მაქვს ის, რაც აქ სწერია.

26გთხთვთ და ვიმედოვნებ, რომ გაიხსენებთ ჩემს ქველმოქმედებებს საერთო საქმისა და ცალკეული შემთხვევების მიმართ; შეინარჩუნებთ კეთილგანწყობას ჩემდამი და ჩემი შვილისადმი.

27მჯერა, რომ იგი ღირსეულად გაამართლებს ჩემს ნდობას, იქნება თქვენი კაცთმოყვარე განმგებელიო.

28კაცისმკვლელსა და ღვთისმგმობელს თავად დაემართა იმაზე უარესი, რაც სხვას დამართა. მან საწყადობლად დაასრულა სიცოცხლე უცხო მთებში.

29მისი ცხედარი მისმა თვისმა ფილიპემ წაასვენა სახლში; მერე კი ანტიოქოსის ძის შიშით ეგვიპტეში, პტოლემეოს ფილომეტორთან გადაასვენა.


წინა თავი შემდეგი თავი