მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 11 |
1და იყო, მერმესა მას წელსა გამოსლვასა მეფეთასა წარავლინა დავით იოაბ და ყოველი ერი ისრაჱლისაჲ; და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და მოიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ. და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს. 2და დღესა ერთსა მიმწუხრი გამოვიდა დავით სასუენებლით თჳსით და იქცეოდა ერდოსა ზედა ტაძრისა სამეფოსასა. და იხილა, მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი იბანებოდა რა სამოთხესა შინა თჳსსა, და იყო დედაკაცი იგი ქმნულკეთილ ფრიად. 3და მოყვანებად-სცა დედაკაცი იგი და სახელი ერქვა ბერსაბეე, ასული იყო ელეაჲსი, ცოლი ურია ქეტელისა. 4და მიავლინნა დავით და მოიყვანა დედაკაცი, და შევიდა მის თანა და დაისუენა. და იგი ოდენ დაბანილ იყო წესისაგან თჳსისა. 5და წარვიდა მისგან მიდგომილი სახიდ თჳსად და მოუმცნო დავითს, ვითარმედ: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან! 6და მიავლინნა დავით იოაბისსა და მიუმცნო, ვითარმედ: ადრე მომივლინე ურია ქეტელი! და იოაბ წარმოავლინა მსწრაფლ ურია დავითისსა. მოვიდა ურია და შევიდა დავითისსა. 7და იწყო კითხვად დავით ურიასსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ და ცოცხლებით არსა ერი იგი? მიუგო მან: ცოცხლებით! 8და ჰრქუა დავით: წარვედ სახედ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და განვიდა ურია პირისაგან მეფისა, გარნა გამოსცა ნიჭი მეფემან, 9სახიდ თჳსად არა წარვიდა, არამედ ბჭეთა სამეფოსა ტაძრისათა მონათა თანა უფლისა თჳსისა განისუენა. 10მიუთხრეს დავითს, რამეთუ არა წარვიდა ურია სახიდ თჳსა. და მიუგო დავით ურიასა: არა გზით მოსრულ ხარა შენ, რად არა შეხვედ სახიდ შენდა? 11მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე! 12და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა. 13და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა. 14და განთენა, დაწერა წიგნი მეფემან და მიუძღუანა იგი იოაბს ჴელითა ურიასათა. 15და წიგნი იგი მიწერა ესრეთ, ვითარმედ: მიჰმარჯვე ურია მას ძნელსა და თქუენ მეყსეულად ფერჴი დაიპყართ, რათა მოკლან იგი. 16და იყო, რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიავლინა ურია იოაბ ადგილსა ძნელსა, სადა-იგი ახოვანნი მის ქალაქისანი დგეს. 17და მოუჴდეს კაცნი იგი მის ქალაქისანი და ბრძოლა-უყვეს იოაბს. და დაეცა ერი მრავალი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურია ქეტელი. 18მას ჟამსა წარავლინნა იოაბ მოციქულნი, რათა უთხრან დავითს ყოველივე საქმე ბრძოლისა. 19და ჰრქუა იოაბ მოციქულთა მათ: რაჟამს უთხრათ საქმე ესე ბრძოლისა მეფესა, პირველად ესე თქჳთ-სიფიცხლე ბრძოლისა ამისა. 20და უკუეთუ განრისხდეს მეფე მოსრვისა ერისათჳს და გრქვას შენ: რასათჳს ეგოდენ შეეჴლენით ზღუდესა მის ქალაქისასა? თქუენ არა იცოდეთა, ვითარმედ ზეგარდამო უსაზომო მოსრვა შეემთხუევის ერსა მას? 21ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოელისი, ძისა ნერისი? არა დედაკაცმან ერთმან გარდამოსტყორცნა ფქვილისა საფქველისა ნატეხი და მიამთხჳა და მოკლა იგი თამიშს? და აწ თქუენ რად ეგოდენ შეუჴედით ზღუდესა მას? ოდეს ამასა იტყოდის, თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მონა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა! 22და მოვიდა მოციქული იგი იოაბისა იერუსალჱმდ მეფესა თანა და უთხრა ესე ყოველი დავითს - იობისმიერი ბრძანებული და ყოველი საქმე ბრძოლისა. 23მიუგო მოციქულმან მან, ჰრქუა დავითს: განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა ჩუენ ზედა, რამეთუ გუნდი ერთი ძლიერი გამოგჳჴდა ჩვენ ველად და ჩუენ მუნით მეოტად წარვიქციენით და შევყარენით იგინი ბრჭეთა მის ქალაქისათა. 24და განამრავლეს ისარნი მათნი ზღუდით გარდამო მონათა ზედა მეფისათა და მოსწყჳტეს მუნ მონანი შენნი და მონაცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა. 25მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრეთ უთხარ იოაბს, ვითარმედ: ნუ უმძიმეს-გიჩნს საქმე ეგე, რომელი იქმნა, რამეთუ ღუაწლი ბრძოლისა სადმე ესრეთ არიან და სადმე-ეგრეთ. აწ შენ განაძლიერე ღუაწლი ბრძოლისა ქალაქსა მაგას ზედა და დაარღჳე ეგე! 26ვითარცა ესმა ესე ცოლსა ურიასსა, ვითარმედ მოკუდა ქმარი მისი, ტყებად იწყო და იგლოვდა ქმარსა თჳსსა. 27და ვითარცა წარჴდეს დღენი გლოვისა მისისანი, მიავლინა დავით და მოიყვანეს სახიდ დავითისა. და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე. და არა სათნო-უჩნდა უფალსა საქმე იგი დავითისი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |