მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე მეფეთა წიგნი |
თავი 19 |
1და უთხრეს იოაბს, ვითარმედ: ტირს მეფე და იგლოვს აბესალომისთჳს. 2და შეექმნა სიხარული იგი მის დღედ გლოვისად და ყოვლისა მის ერისა, რაჟამს ესმა ერსა მას, ვითარმედ ტირს და იგლოვს მეფე ძისა თჳსისათჳს. 3და შეიკდიმა ერმან მან დღესა შესლვა ქალაქად, ვითარცა ერი, რომელი იძლიის და მეოტ იქმნის ბრძოლისაგან. 4და მოედრიკა თავი მეფესა და ჴმითა დიდითა ტიროდა და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, ძეო ჩემო. 5და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი? 6და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა. 7არამედ აწ გამოვედ და ეტყოდე ერსა მას, რამეთუ უფიცავს ღმერთისა მიმართ, თუ შენ არა გამოხჳდე შემთხუევად მათა, არა ვინ დადგეს შენ თანა ამასვე ღამესა! ხოლო ეს უწყოდე, უბოროტეს-ყოფად არს შენდა ესე, ვიდრეღა ყოველთა მათ ჭირთა, რომელნი წარგჴდეს სიყრმითგან ვიდრე მოაქამდე. 8და გამოვიდა მეფე და დაჯდა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა. და მიესმა ყოველსა ერსა, ვითარმედ გამოსულ არს მეფე და მჯდომარე არს ბჭეთა ზედა. და მოვიდა ყოველი იგი ერი შემთხუევად მეფისა, ხოლო ისრაიტელნი იგი ივლტოდეს კაცად-კაცადნი ადგილად თჳსა. 9და დრტჳნჳდეს ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი და იტყოდეს: დავით მეფემან გჳჴსნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და განგვარინნა უცხოთესლთაგან და აწ მეოტ ვართ მეფისაგან აბესალომისთჳს, ძისა მისისა. 10და აბესალომს, რომელსა ვსცხეთ მეფედ ჩუენ ზედა, ესერა, მოიკლა ღუაწლსა შინა! აწ თქუენ რად დაიყოვნებთ და არა მოიქცევით მეფისა? და სიტყუაჲ იგი ისრაიტელთა მიიწია მეფისა. 11და დავით მიავლინა სადუკისა და აბიათარისა მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: არქუთ მოხუცებულთა ისრაჱლთასა, ვითარმედ: რად დაიყოვნებთ მოქცევად სახიდ მეფისა? ხოლო სიტყუანი ყოვლისა ისრაჱლისა მოიწია მეფისა თანა. 12ჰრქუა დავით ტომთა იუდასთა: არა ძვალნი ჩემნი და ჴორცნი ჩემნი თქუენ ხართა? რასათჳს უკუნსდეგით მეფისა მის? 13და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა! 14და მოაქცია ამესა ყოველი კაცი იუდასი მორჩილებად, ვითარცა ერთგული. და მოავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქცა შენდა ყოველნი მონანი შენნი! 15და მოიქცა მეფე და მოვიდა კიდემდე იორდანისა მდინარისა. და ყოველი ერი იუდასი მოეგებოდა გალგალადმდე შემთხუევად მეფისა, რათამცა წიაღმოიყვანეს იგი მდინარესა მას. 16და მოვიდა სემეი, ძე გერასი, ძისა იამანისი ბაურიმით კაცთა თანა იუდასთა შემთხუევად მეფისა დავითისა. 17და ათასი კაცი სხუაჲ მის თანა სახლისა მის ბენიამენისი და სიბა, ყრმა იგი სახლისა მის საულისი, ათხუთმეტით ძითურთ და ოცით მონით. და შთავიდეს იგინი მეფისა 18მსახურებად და წიაღმოყვანებად მდინარესა მეფისა წიაღჴდენ, აღდგინებად სახლისა მეფისა და სათნო-ყოფად წინაშე თუალთა მისთა და სემეი, ძე გერასი, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე მეფისა, ვიდრე წიაღმოვიდოდა იორდანესა. 19და ჰრქუა მეფესა: ნუ მოიჴსენებენ შეცოდებასა ჩემსა უფალი ჩემი და ნუცა მოიგონებნ წყევასა დღისასა, რომელ გამოვიდოდა იერუსალჱმით უფალი ჩემი მეფე და ნუცა დაიდებნ გულთა შინა მეფისათა. 20 21მაშინ ჰრქუა აბესა, ძემან შარუელისამან: სხუაღამცა რა ეყო სემეის? სიკუდილისა თანამდებ არს იგი, რამეთუ იკადრა წყევად ცხებულსა ღმრთისასა! 22მიუგო დავით და ჰრქუა: რა ძეს ჩემი და შენი, ძეო შარუელისაო? რამეთუ დღეს ბოროტსა ზრახავ ჩემთჳს მტერობით. ნუ იყოფინ ეგე, ვითარმცა მო-ვინმე-კუდა ისრაჱლსა შორის! ანუ თქუენ არა უწყითა, რამეთუ მეფე ვარ ისრაჱლსა ზედა? 23და ჰრქუა მეფემან სემეის: ნუ გეშინინ! რამეთუ არა მოჰკუდე შენ! და ეფუცა მეფე სემეის. 24და მემფიბოსთე, ძე იონათანისი, ძისა საულისი, შთამოვიდა შემთხუევად მეფისა. და მას არა განეწმიდნეს ფერჴნი მისნი, არცა მოეჭრნეს ფრჩხილნი მისნი, არცა ეკუეცნეს თმანი, არცა განერცხნა სამოსელნი მისნი მიერ დღითგან, რაჟამს გამოვიდა მეფე სახლით თჳსით, ვიდრე შემოსლვად მისა მშჳდობით. 25და ვითარცა შევიდა იერუსალჱმად, მოეგება მეფესა. მაშინ ჰრქუა მას მეფემან: რა არს, რამეთუ არა წარმოხუედ ჩუენ თანა? 26ჰრქუა მას მემფიბოსთე: უფალო ჩემო მეფე, მონამან ჩემმან დამაგდო მე. რაჟამს ვარქუ მას, ვითარმედ: დამისხენ კარაულსა და წარვიდე მეფისა თანა! არა ისმინა ჩემი, რამეთუ ვერ ეგებოდა უკარაულოდ მისლვა ჩემი შენ თანა, რამეთუ მკელობელ ვარ მონა შენი. 27არამედ იგი მასმენდაცა მე უფლისა ჩემისა მეფისა წინაშე, ხოლო უფალმან ჩემმან მეფემან, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, კეთილად ყავნ ღმრთისათჳს. 28რამეთუ არა სხუა რამე ღირს ვიყო სახლისა მამისა ჩემისა, არამედ ყოველნი სიკუდილისა თანამდებ ვიყვენით, არამედ შემრთე მონა შენი მათ თანა, რომელნი ჭამენ ტაბლასა შენსა. და აწ ვის მიერ იყოს ესე ჩემდა სამართალი, არა თუ შენ მიერ? და ღაღადებითა ამას იტყოდა წინაშე მეფისა. 29და ჰრქუა მას მეფემან: რას განამრავლებ სიტყუასა შენსა? შენ და სიბა განიყავთ, განანაწილეთ აგარაკი. 30და ჰრქუა მემფიბოსთე მეფესა: ოდეს გიხილე, მეფე, მშჳდობით მოქცეული სახიდ თჳსა, ყოველი მეფისსა იყავნ! 31და ბერზელი გალადელი შთავიდა რაბინით და წიაღმოჴდა მეფისა თანაწარმოყვანებად მისა იორდანით. 32და ბერზელი კაცი მოხუცებული იყო და იყო იგი ოთხმეოც წლისა და უდაბნოსა ყოფასა მსახურებულ იყო იგი მეფისა, და მდიდარი იყო იგი ფრიად. 33მიუგო მეფემან ბერზელის და ჰრქუა: გნებავს თუ, მოგვალე ჩემ თანა და პატიოსან-ვყო სიბერე შენი იერუსალჱმს. 34და ბერზელიმ ჰრქუა მეფესა: რაოდენღამე იყუნენ დღენი ჩემნი და აღვიდე მე მეფისა თანა იერუსალჱმდ? 35რამეთუ მე ოთხმეოცისა წლისა ვარ და აწცა არა ვიცი გამორჩევა კეთილისა და ბოროტისა და გემოს-ხილვა საჭმელთა, ანუ სასმელთა, ანუ სმენად ჴმაჲ მემღერეთა და აწ რად ტჳრთ-გეყო მონა ესე უფალსა ჩემსა მეფესა? 36მცირედ ოდენ წიაღგყვე იორდანესა მეფისა თანა, რამეთუ რასათჳს მომაგებ მე საგებელსა ამას? 37მიბრძანე მონასა შენსა, რათა დავსჯდე და მოვკუდე ქალაქსა ჩემსა, და დავეფლა საფლავსა მამა-დედათასა ჩემისასა. და აქინამ, ძე ჩემი, მივიდეს უფლისა ჩემისა მეფისა თანა და კეთილი უყავ მას, რაცა სათნო-გიჩნდეს! 38და ჰრქუა მას მეფემან: მოვედინ იგი ჩემ თანა და ვყო მისთჳს, რაცა სათნო-მიჩნდეს! და ყოველი, რაცა მრქვას მე, იგიცა ვყო მისთჳს! 39და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად. 40და მოვიდა მეფე გალგალად და აქინამცა მის თანა, და ერი იგი იუდასი და ზოგი ერისა მის ისრაჱლისა. 41და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა? 42მაშინ ჰრქუა ერმან იუდისმან კაცთა მათ ისრაჱლისათა: ამისთჳს, რამეთუ მახლობელ არს ჩემდა მეფე. რასა ეგოდენ შეგიძნდა და შესწუხენით ამის სიტყჳსათჳს; ანუ შე-რა-ვსჭამეთ და შევსვით მეფისა, ანუ ნიჭი რამე მოვიღეთ მისგან, ანუ მან მიიღო ჩუენგან? 43და ჰრქუეს კაცთა მათ ისრაჱლისათა: ათწილ ჩუენ უფროს მახლობელ ვართ მეფისა და ჩუენ უპირმშოეს ვართ მისა, ვიდრეღა თქუენ. და აწ რასათჳს შეურაცხ-მყვენით ჩუენ? არა ჩუენთჳს იყო მოქცევა იგი მეფისა, არამედ თქუენთჳს. და განბოროტნეს კაცნი იგი იუდასნი, ვიდრეღა ისრაიტელნი იგი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |