მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეორე ნეშტთა |
თავი 33 |
1იყო ათორმეტისა წლისა მანასე მეფობასა მისსა და ერგასისდახუთ წელ მეფობდა იერუსალჱმს. 2და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოველთაგან საძაგელებათა საწარმართოთა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. 3და მიიქცა და აღაშენნა მაღალნი, რომელნი დაარღჳნა მამამან მისმან ეზეკია. და აღმართა ძეგლები ბაალისი და ქმნა სერტყები, და თაყუანის-სცემდა ყოველთა ერთა ცისათა და ჰმონებდა მათ. 4და აღაშენა ბომონები საკერპო სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს თქუა უფალმან: იერუსალიმს იყოს სახელი ჩემი საუკუნოდ. 5უშენა მუნ ბომონები ყოველთა ერთა ცისათა ორთა მათ შინა ეზოთა სახლისა უფლისათა. 6და მას განჰყუანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა ქუეყანასა ბენენომისასა, და იმისნიდა, იზმნიდა და წამლობდა და ყუნა მუცლით მეზღაპრენი, და მსახურნი განამრავლნა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისსა. 7და დადგა გამოქანდაკებულნი და გამოდნობილნი ხატნი, რომელნი ქმნნა სახლსა შინა უფლისასა, რომლისათჳს რქუა ღმერთმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, დაუდვა სახელი ჩემი საუკუნოდ. 8და არღარა შევსძინო შეძრვად ფერჴი ისრაჱლისა ქუეყანისა მისგან, რომელი მივეც მამათა მათთა, გარნა და-თუ-იცვნენ ყოფად ყოველი, რაოდენი ვამცენ მათ ყოვლისა მისებრ სჯულისა ბრძანებათა და სამართალთა ჴელითა მოსესითა. 9და აცთუნა მანასე იუდა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ყოფად ბოროტისა უფროს ყოველთა წარმართთა, რომელნი აიხუნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. 10და იტყოდა უფალი ბოროტსა მანასესათჳს და ერისა მისისათჳს, და არა ისმინა. 11და მოავლინნა უფალმან მათ ზედა მთავარნი ძლიერებისანი მეფისა ასურასტანელისანი და შეიპყრეს მანასე და შეაბორკილეს ბორკილითა და წარიყვანეს ბაბილონად. 12და ვითარ-იგი ჭირსა შინა იყო მანასე, ეძიებდა პირსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და დამდაბლდა ფრიად წინაშე ღმრთისა მამათა მისთასა. 13და ილოცა მისა მიმართ და ისმინა მისი და შეისმინა ღაღადება მისი და კუალად მოაქცია იგი იერუსალჱმდ მეფობასავე თჳსსა და ცნა მანასე, რამეთუ უფალი ესე არს თავადი ღმერთი. 14და ამისა შემდგომად აღაშენა ზღუდენი გარეშე ქალაქსა დავითისსა დასავლითგან სამხრით კერძო ჴევსა მას და მისლვად ბჭისა მის გარემო და მოსცა ოფლასა და აღამაღლა ფრიად და დაადგინნა მთავარნი ძლიერებისანი ყოველთა ქალაქთა მოზღუდვილთა, რომელნი იყუნეს იუდასნი. 15და განიშორნა ღმერთნი უცხონი გამოქანდაკებულნი სახლისაგან უფლისა და ყოველი ბომონები, რომელ აღაშენა მთასა მას სახლისა უფლისასა და იერუსალჱმს და გარეშე ქალაქსა. 16და აღმართა საკურთხეველი უფლისა და შესწირა მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა და ქებისა და ჰრქუა იუდასა, რათა ჰმონებდენ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა. 17ხოლო ერი იგი მერმეცა ჰმონებდავეღა მაღალთა, გარნა უფალი ღმერთი იყო ღმერთად მათა. 18ნეშტნი სიტყუანი მანასესი და ლოცვა მისი ღმრთისა მიმართ, და სიტყუანი მხილველთანი, რომელნი ეტყოდეს მას სახელითა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისათა, აჰა, ესერა წერილ არიან სიტყუათა შინა მეფეთა ისრაჱლისათა. 19და სიტყუანი ლოცვათა მისთასა, და ვითარ-იგი ისმინა მისი და ყოველნი ცოდვანი მისნი და განდგომილება მისი და ადგილნი, რომელთა ზედა აშენნა მაღალნი და დაასხა სერტყები და გამოქანდაკებულნი ვიდრე მოქცევადმდე მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან სიტყუათა მხილველთასა. 20და დაიძინა მანასე მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი სამოთხესა სახლისა მისისასა, და მეფობდა ამოს, ძე მისი, მის წილ. 21და იყო ამოს ოცდაორის წლისა მეფობასა მისსა და ორ წელ მეფობდა იერუსალჱმს. 22და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მანასე, მამამან მისმან, უზორვიდა ამოსცა და ჰმონებდა მათ. 23და არა დამდაბლდა წინაშე უფლისა, ვითარცა დამდაბლდა მანასე, მამა მისი, რამეთუ ძემან მისმან ამოს განამრავლა ცოდვა. 24და დაესხნეს მას მონანი მისნი, სცეს და მოკლეს იგი სახლსა შინა თჳსსა. 25და მოსწყჳდნა ერმან ქუეყანისამან, რომელნი-იგი დაესხნეს და მოკლეს ამოს მეფე, და მეფე-ყო ერმან ქუეყანისამან იოსია, ძე მისი, მის წილ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |