მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 1

1ფრიად ფილოსოფიურ საგანზე მსურს საუბარი: განაგებს თუ არა ვნებებს ღვთისმოსავი აზრი. მართებული იქნება ჩემგან, რომ გირჩიოთ მიჰყვეთ ფილოსოფიას.

2რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს, ამავე დროს ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონივრული განსჯა.

3თუ აშკარაა, რომ აზროვნება გონივრული განსჯის დამაბრკოლებელ ვნებებზე - მუცელღმერთობაზე და ჟინიან ლტოლვებზე მძლავრობს,

4ასევე ცხადია ისიც, რომ იგი ბატონობს სამართლიანობის ხელისშემშლელ ენებებზეც, როგორიც არის რისხვა, შიში და ტანჯვა.

5ვინმე იკითხავს: თუ გონება განაგებს ვნებებს, რატომ არ ბატონობს იგი გულმავიწყობაზე და უმეცრებაზეო? სასაცილოდ აიგდებენ ჩემს ნათქვამს.

6რადგან გონება ვერ განაგებს თავის საკუთარ ვნებებს, არამედ იმათ, რომლებიც სამართლიანობას, სიმამაცეს და გონივრულ განსჯას უპირისპირდებიან. საკუთარ ვნებებს იგი არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ.

7ყველანაირი საბუთით დაგიდასტურებთ, რომ გონება ვნებათა განმგებელია.

8მაგრამ უფრო თვალნათლივ ცხადვყოფდი ღირსების გულისთვის დახოცილთა - ელეაზარის, მისი შვიდი ძმისა და მათი დედის სიმამაცის მაგალითზე.

9მათ ხომ არად ჩააგდეს სასიკვდილო წამებანი და ამით ვნებებზე გონების უპირატესობა ცხადყვეს.

10ამჟამად მმართებს განვადიდო სიქველეთათვის ისინი, ვინც თავიანთ დედასთან ერთად დაიხოცნენ უმაღლესი ზნეობის გასამარჯვებლად; და ასევე მსურს ნეტარად შევრაცხო ისინი იმ ღირსებისთვის, რომელსაც ატარებდნენ.

11ისინი ხომ გამბედაობითა და მოთმინებით არა მხოლოდ მათ შემყურე ხალხს, არამედ თავიანთ ჯალათებსაც კი აოცებდნენ; ხდებოდნენ მძლავრობისგან ხალხთა ხსნის სახსარნი და სძლევდნენ ტირანთ, ვიდრე საბოლოოდ არ განწმიდეს სამშობლო დამპყრობთგან.

12ახლაც უმალ ამ ვაჟკაგებზე უნდა გესაუბროთ; რაკი ამ ამბებზე ჩამოვარდა სიტყვა, მმართებს ახლავე, როგორც ჯერ არს, საბუთებით დავიწყო მსჯელობა და ასე, ყოვლად ბრძენი ღმერთის განმადიდებელმა, საგმირო ამბავთა თხრობისაკენ წარვმართო სიტყვა.

13მაშ, გამოვიკვლიოთ, თუ არის გონება ვნებათა განმგებელი.

14განვსაზღვროთ, რა არის გონება და რა არის ვნება; რამდენნაირია ვნება და სძლევს თუ არა მათ საბოლოოდ გონება.

15მაშ, გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს;

16სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა და მათი მიზეზიც.

17მაშასადამე, სიბრძნე არის რჯულში განსწავლა, რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს - საკუთარი სარგებლობისთვის ვსწავლობთ.

18სიბრძნის სახეობანია გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება.

19უმთავრესია მათში გონივრული განსჯა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება.

20ხოლო თავიანთი ბუნების მიხედვით ვნებათაგან უძლიერესია: სიამოვნება და ტკივილი, ამათგან ერთი სულისთვის არის თანდაყოლილი, მეორე კი -სხეულისთვის.

21ამ ვნებებს - სიამოვნებასა და ტკივილს ბევრნაირი შედეგი აქვს.

22სიამოვნებას წინ უსწრებს სურვილი და მოსდევს სიხარული.

23ხოლო ტკივილს წინ უსწრებს შიში და მოსდევს მწუხარება.

24მრისხანება საერთო ვნებაა სიამოვნებასა და ტკივილს შორის; ამას ყველა მიხვდება, ვისაც განუგდია იგი.

25სიამოვნებაში ავი განწყობილებაც არის, რაც ყველაზე უფრო მრავალსახოვანია ვნებათა შორის.

26ასეთია სულისთვის - ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, მოშუღლეობა და ცილისმწამებლობა.

27ხოლო სხეულისთვის - ღორმუცელობა, გაუმაძღრობა და მარტოდმჭამელობა.

28როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს,

29რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი - გონება, და ათვინიერებს ველურ ზნესა და ვნებებს.

30რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი, ყურად იღეთ პირველ ყოვლისა, რომ გონება ბატონობს ვნებებზე თვითდამაოკებელი ძალის წყალობით.

31თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს.

32ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი, და ორივეს, ცხადია, სძლევს გონება.

33აბა, როგორ დავაღწევდით თავს თვით სიამოვნებასაც კი, აკრძალული საჭმლის მიმართ მიდრეკილნი? განა გონების წყალობით არ ვიოკებთ გულისთქმებს? მე ასე ვფიქრობ.

34რადგან ჩვენ გონების ძალით ვიკავებთ თავს წყლის ცხოველთა, ფრინველთა და სხვა საკვებისგან, რომელთა ჭამაც რჯულით გვეკრძალება.

35რადგან გულისთქმისეული ვნებები ითრგუნება თვითდამაოკებელი გონიერებით და სხეულის ყოველი მოძრაობა გონების ძალით არის მოთოკილი.


შემდეგი თავი