მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 14 |
1გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც. 2ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე უთავისუფლესო! 3ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის გულისათვის! 4შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ შემდრკალა სიკვდილის წინაშე, 5არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი, წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ. 6როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის. 7ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო, 8ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი. 9ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები. 10სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო სწრაფად ანადგურებს სხეულს. 11სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში; დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე. 12შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის. 13ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე. 14პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ. 15ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი, 16კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან. 17და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ, სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი შვილების გადასარჩენად. 18რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის მაგალითად, 19როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება, იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და ეწირებიან კიდეც მის დაცვას. 20განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი ბავშვების თანალმობით? |
წინა თავი | შემდეგი თავი |