მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 18 |
1აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა. 2იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც. 3ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს. 4მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები. 5ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა. 6შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს: 7მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი. 8არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს. 9ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი. 10ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს; 11გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე. 12გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე; 13განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას; 14ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო. 15გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას მართალ კაცსო. 16გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო. 17უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები? 18არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა: 19მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და წუთისოფელიო. 20ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს, 21თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი სატანჯველით კლავდა, 22მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ მბრძანებელს. 23აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან. 24მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ. |
წინა თავი |