მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 2

1რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება.

2განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ გონებით ალაგმა განცხრომის ვნება?

3რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ, გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი.

4და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ ვნებას სძლია გონებამ.

5აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც რაიმე ქონება შენი ახლობლისა.

6მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ.

7რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის?

8ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა.

9მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია გონება.

10რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს კაცი.

11ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს.

12შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის.

13მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება ჩაიდინა.

14უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია. ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს.

15ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას.

16თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების ბატონიც არის იგი.

17როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება.

18რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს.

19მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო?

20ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას მრისხანების დათრგუნვა.

21როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი,

22და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე,

23და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა.

24ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას?


წინა თავი შემდეგი თავი