მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 3 |
1ეს კითხვა მეტად სასაცილოა, რადგან ცხადია, რომ გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ. 2კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი, მაგრამ გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარი მოგვანიჭოს. 3კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება, მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება. 4კაცს არ შეუძლია ამოკვეთოს უკეთური ზნე, მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა. 5გონება ვნებათა აღმოფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინაღმდგომია. 6ყოველივე ზემოთთქმულს ნათლად ცხადყოფს ამბავი დავით მეფის წყურვილისა. 7მთელი დღე უტევდა დავითი თავისი ერის მეომრებთან ერთად ფილისტიმელებს და ბევრი მათგანი გაწყვიტა. 8საღამო რომ ჩამოწვა, გაოფლილი და ძლიერ დაქანცული შევიდა იგი სამეფო კარავში, რომელიც ჩვენი წინაპრების ჯარებით იყო გარშემორტყმული. 9ყველანი უკვე ვახშმად ისხდნენ, 10მეფე კი, რომელსაც შიმშილზე უფრო მეტად წყურვილი აწუხებდა, ირგვლივ უამრავ წყაროებს ზედაც არ უყურებდა, არ სურდა ამ წყაროთა წყლით მოეკლა წყურვილი. 11მაგრამ მტრის წყაროთა მიმართ რაღაც გაუგებარმა სურვილმა ააღელვა და აღანთო იგი. 12მაშინ მეფის სურვილისადმი მოწიწების გრძნობით შეპყრობილმა ორმა ახალგაზრდა წარჩინებულმა მეომარმა აისხა იარაღი, აიღო წყლის ჭურჭელი და მტრის სასაზღვრო სამანები გადალახა. 13გუშაგთაგან შეუმჩნევლად შეაღწიეს კარიბჭეში და მტრის მთელი ბანაკი მოიარეს წყაროთა ძებნაში. 14აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად. 15მაგრამ წყურვილის ცეცხლით დატანჯულმა მეფემ, სულისთვის საშინელ საფრთხედ მიიჩნია ეს წყურვილი, ლამის სისხლის წყურვილის ტოლფასად. 16და იგი სურვილს გონებით წინაღუდგა და ღმერთს შესწირა სასმელი. 17რადგან გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა. 18ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა. 19ახლა კი დრო დადგა, რათა სამაგალითოდ მოვიხსენიოთ გონებისმიერი თავდაოკების ამბავი. 20ეს მოხდა მაშინ, როცა რჯულკეთილობისა და სწორი ქცევის წყალობით ჩვენს მამა-პაპას მშვიდობა ჰქონდა. როცა თვით აზიის მეფეს - სელევკოს ნიკანორს ფული ჰქონდა მათთვის გამოყოფილი ტაძრის სამსახურისთვის და მათ თვითმართველობასაც სცნობდა. 21მაშინ იყო, რომ ზოგიერთებმა საერთო ერთსულოვნების წინააღმდეგ ჯანყი წამოიწყეს და მრავალგვარი უბედურობანი გამოიწვიეს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |