მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 4

1იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა, რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის საღალატოდ.

2წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან და უთხრა:

3სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო, იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის.

4როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი.

5და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად.

6განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს.

7ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას.

8მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ.

9ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი.

10და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი.

11მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში, იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად.

12ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო.

13ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა.

14სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა მომხდარი.

15სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ - ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა.

16მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას ძმა, იასონი.

17რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის.

18ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა.

19ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით განაგებდა საზოგადო საქმეებს.

20არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა.

21გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი გამოალაშქრებინა მათზე.

22რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე.

23და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა.

24მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს.

25დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა სასჯელიც მოელოდათ.

26რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას დააგმობინებდა.


წინა თავი შემდეგი თავი