მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 5

1თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა

2უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი.

3და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე დაებათ და წამებით მოეკლათ.

4გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ.

5როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა:

6ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები.

7რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა რჯულს მისდევ.

8რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა?

9უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი.

10მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას.

11ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის?

12დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას.

13იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს.

14როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა ითხოვა.

15ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ:

16ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება.

17ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას.

18რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება.

19ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ.

20ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე,

21რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული.

22შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას;

23მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი.

24გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება.

25ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა.

26უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა.

27მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც, რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის.

28მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და

29არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის დაცვის თაობაზე.

30კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო,

31მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება.

32მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი.

33სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი თავის გამო მამაპაპეულ რჯულს.

34არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ!

35არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ, საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ!

36ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს!

37უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ შემშინებია შენს ხელში.

38შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით.


წინა თავი შემდეგი თავი