მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 6

1მბრძანებლის შეგონებებზე ამ პასუხისათვის მცველებმა ძალით მიათრიეს ელეაზარი საწამებელ იარაღებთან.

2ჯერ შესამოსელი შემოაძარცვეს მოხუცს, ყოველი სიკეთითა და ღვთისმოსაობით შემკობილს.

3შემდეგ ყოველი მხრიდან დაუშინეს მას შოლტები.

4ხოლო მის წინ მაცნე გაჰყვიროდა: დაემორჩილეთ მეფის ბრძანებებსო!

5დიდსულოვანი და კეთილშობილი ელეაზარი კი, როგორც ჭეშმარიტი ელეაზარი, შეუძვრელი იყო, თითქოს სიზმარში ეწამებაო.

6მოხუცს თვალები მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი, მისი ხორცი კი შოლტებით იფლითებოდა, სისხლი ღვარად სდიოდა დასერილ ფერდებზე.

7თუმცა მიწაზე ეგდო, რადგან სხეულს აღარ შეეძლო წამების ატანა, მისი გონება მტკიცე და შეურყეველი იყო.

8ვიღაც სასტიკი ჯარისკაცი ფერდებში წიხლის ცემით წამოგდებდა ხოლმე ფეხზე, რომ ისევ ცემით მიწაზე დაეგდოთ.

9მაგრამ მოთმინებით იტანდა ტკივილს და, ძალადობის არადჩამგდები, უძლებდა ტანჯვა-წამებას.

10მოხუცმა ღირსეული ათლეტის მსგავსად, თუმცა ნაცემი იყო, სძლია თავის მტანჯველებს.

11სახეზე ოფლმდინარი და სულთმობრძავი თავის მტანჯველებსაც კი აოცებდა სულის სიმტკიცით.

12მაშინ, არ ვიცი, მისი ხანდაზმული ასაკის გამო შეიძრა სიბრალულით,

13არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო და მისი თანაგრძნობა სურდა, თუ მისმა მოთმინებამ გააოცა, მეფის ერთი მხლებელთაგანი მივიდა მასთან და უთხრა:

14რად იღუპავ ასე უგუნურად თავს, ელეაზარ?

15ჩვენ ხომ შენ დიდებულ საჭმელს გთავაზობთ; დათანხმდი, იქნებ გასინჯო ღორის ხორცი და გადაირჩინე თავი.

16ხოლო ელეაზარმა, თითქოს ამ რჩევამ უფრო გაამწარაო, წამოიყვირა:

17ნუ ვიფიქრებთ, აბრაამის ძენო, ასე ცუდად, თითქოს აქ სულმოკლეობის გამო ჩვენთვის შეუფერებელი წარმოდგენა იყოს გამართული.

18უგუნურება ის იქნებოდა, რომ ახლა შევცვლილიყავით, როცა ხანდაზმულობას მართალი ცხოვრებით მივაღწიეთ და აქამდე ღვთის დიდებას რჯულის თანახმად ვინახავდით,

19და უღვთობის ნიმუშად მოვვლენოდით ახალგაზრდობას და უწმიდურთმჭამელობის მაგალითი შევქმნილიყავით.

20სამარცხვინო იქნება, თუ მცირედი დროით სიცოცხლე გავიხანგრძლივეთ და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ დაგვცინა სულმოკლეობის გამო,

21და ჩვენმა მტარვალმაც კი შეგვიზიზღა, რომ ვერ დავიცავით ჩვენი ღვთიური რჯული.

22დაე, ღირსეულად შევხვდეთ სიკვდილს ჩვენი რჯულისათვის, აბრაამის ძენო!

23აბა, ნუღარ აყოვნებთ, მტარვალის მცველნო!

24როცა დაინახეს, რომ იგი ასე მხნედ შეხვდა განსაცდელს და რომ მათმა სიბრალულმა არ შეცვალა, მცველებბა იგი კოცონთან მიიყვანეს.

25რაღაც უკეთური მანქანებით აღგზნებულ ცეცხლში შეაგდეს და თან რაღაც საზიზღარი სითხე ჩააღვარეს ნესტოებში.

26მან კი, თითქმის ძვლებამდე დამწვარმა, უკვე გონსაც რომ კარგავდა, ღვთის მიმართ აღაპყრო თვალები და თქვა:

27შენ უწყი, ღმერთო, შემეძლო მეხსნა თავი, მაგრამ რჯულისთვის ვკვდები ცეცხლის მორევში.

28შეიწყალე შენი ხალხი და საკმარისი იყოს მათთვის ჩვენი სასჯელი.

29ჩემი სისხლით განწმიდე ისინი და მათი სულის სანაცვლოდ მიიბარე ჩემი სული.

30ესა თქვა წმიდა კაცმა და წამებაში ღირსეულად დალია სული, გონებით დაითმინა რა სასიკვდილო წამებანი რჯულის გულისთვის.

31ამგვარად, ეჭვი არ არის, რომ ვნებათა მბრძანებელია ღვთისმოსავი გონება.

32რადგან ვნებებს რომ დაეძლია გონება, მაშინ მათ მბრძანებლობას დავადასტურებდით.

33მაგრამ ახლა ვნებებზე რომ გაიმარჯვა გონებამ, ჯეროვნად მას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

34მართებულიცაა, ვაღიაროთ ძლიერება გონებისა, რომელიც სძლევს, რა სასაცილოდაც უნდა მოგვეჩვენოს, გარედან თავსმოხვეულ ტანჯვას.

35მე იმასაც ვმოწმობ, რომ მარტო ტანჯვას კი არ სძლევს გონება, არამედ სიამეთაც სძლევს იგი და მათ წინაშეც არ იხევს უკან.


წინა თავი შემდეგი თავი