მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 25 |
1და იყო, მეცხრესა წელსა მეფობასა მისსა თუესა მეოთხესა, ათსა მის თჳსასა, მოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანისა, და ყოველი ერი მისი იერუსალჱმად და გარემოადგა მას და აშენა მას ზედა ზღუდე გარემო. 2და გარემოიცვა ქალაქი იგი შეყენებად ვიდრე ათერთმეტად წლადმდე სედეკ მეფისა. 3მეცხრესა თვესა განძლიერდა სიყმილი ქალაქსა შინა და არა იყო პური ერისათჳს ქუეყანასა. 4და განივლთა ქალაქი და განვიდა მეფე და ყოველნი კაცნი მბრძოლნი ღამე გზასა ბჭისა აღსავლისასა შორის ორთა მათ ზღუდეთა, რომელ არს მტილისა მის სამეუფოსა. და ქალდეველნი გარემოადგეს ქალაქსა და წარვიდეს გზასა მას არაბიათ აღმოსავლით. 5და დევნა-უყო ერმან ქალდეველისამან უკანა მეფესა და ეწივნეს მას დასავლით იერიქოსა და ყოველი ერი მისი განიბნია მისგან. 6და შეიპყრეს მეფე მარტო და მიიყვანეს იგი მეფისა ბაბილოვანისა დებლათად და ეტყოდა მეფე სასჯელით. 7და ძენი სედეკიასნი მოსრნა წინაშე მისა და თუალნი სედეკიასნი აღმოჰჴადნა და შეკრა იგი ბორკილითა და წარიყვანა ბაბილონად. 8და თუესა მას მეხუთესა, შჳდსა მის თჳსასა, ესე წელი იყო მეათცხრამეტე მეფობასა ნაბუქოდონოსორისა, მეფისა ბაბილოვანისა, მოვიდა ნაბუზარდან მზარაულთმთავარი წინაშემდგომელი მეფისა ბაბილონისა იერუსალჱმად. 9და მოწვა ტაძარი უფლისა და სახლი მეფისა და ყოველი სახლები იერუსალჱმისა მოწვა ცეცხლითა. 10და ზღუდე იგი იერუსალჱმისა გარემო დაარღჳა ყოველმან ერმან, რომელი იყო მზარაულთმთავრისა თანა. 11და დაშთომილი იგი ერი ქალაქსა შინა და რომელნი მოადგეს მეფესა ბაბილოვნისასა და ნეშტი იგი ერი ტყუედ წარიყვანა ნაბუზარდან. 12და გლახაკთაგანი ერისათა დაუტევა ნაბუზარდან მზარაულთმთავარმან ვენაჴისმოქმედად და ყანისმოქმედად. 13და სუეტნი იგი რვალისანი, რომელ იყუნეს სახლისა უფლისანი და ხარისხნი მათნი და ემბაზი იგი რვალისა, რომელი დგა სახლსა უფლისასა, შემუსრეს ქალდეველთა და წარიღეს რვალი იგი ბაბილონად. 14და სიავები იგი და ფუცხუები და ფიალები და ყოველი ჭურჭელი რვალისა, რომლითა-იგი მსახურებედ, წარიღეს. 15და საცეცხურები და ფიალები ოქროსა წარიღო მზარეულთმთავარმან. 16და სუეტთა მათ ორთა და ხარისხთა და ემბაზისა მის, რომელი ექმნა სოლომონს სახლსა შინა უფლისასა, რომელი წარიღო ნაბუზარდან, არა იყო რიცხჳ სასწორისა რვალისა მის და ყოვლისა ჭურჭელისა. 17ათურამეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა მის ერთისა და სუტისთავნი ორთა მათ სუეტთანი რვალისანი სამ-სამ წყრთა იყუნეს სიმაღლით თჳთო იგი სუეტისთავი და კანკელი და მროწეულები სუეტისთავთა მათ გარემო ყოველი რვალისა და მეორესა მას სუეტსა სუეტისთავი და კანკელი და მროწეულისსახედ ქმნული ისი. 18და წარიყვანა მზარეულთმთავარმან არეა, მღდელი იგი მთავარი, და სოფონია, მღდელი იგი შემდგომი, და სამნი მცველნი ბჭეთანი. 19და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი ზედამდგომელი კაცთა მათ მბრძოლთა და ხუთი კაცი წინაშემდგომელთაგანი მეფისათა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა, და ერისთავი, მწიგნობარი იგი მთავრისა მის ერისა, რომელი განუყოფდა ერსა მის ქუეყანისასა და შვიდი კაცი ერისაგან ქუეყანისა, რომელნი იპოვნეს ქალაქსა შინა. 20და წარიყვანნა იგინი ნაბუზარდან და მიიყვანნა მეფისა ბაბილონისა დებლათად. 21და მოსწყჳდნა იგინი მეფემან ბაბილონისამან დებლათს ქუეყანასა ემათისასა და წარიტყუენა იუდა ქუეყანით თჳსით. 22და ერსა მას ნეშტსა ზედა ქუეყანასა, რომელი დაუტევა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილოვნისამან, დაადგინა მას ზედა გოდოლია, ძე აქიკამისი, ძისა საფანისი. 23და ესმა ყოველთა მათ მთავართა ძლიერებისათა, რამეთუ დაადგინა მეფემან ბაბილონისამან გოდოლია მასეფათს და მოვიდა გოდოლია მასეფათად და ისმაელ, ძე ნათანისი და იონან, ძე საკარესი და სარეა, ძე თანეასი მიკტოფატელი და იეზონია, ძე მაქატითელისა, იგინი და კაცნი მათნი. 24და ეფუცნეს გოდოლიასა თჳთ იგინი და კაცნი მათნი. და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ ქალდეველთაგან, დასხედით ქუეყანასა მას და ჰმონებდით მეფესა ბაბილოვნელთასა და უკეთეს იყოს თქუენდა. 25და იყო, თუესა მას მეშჳდესა მოვიდა ისმაელ, ძე ნათანისი, ძისა ელისამასი, ნათესავისაგან სამეუფოსა და ათი კაცი მის თანა. და სცეს გოდოლიას და მოკლეს იგი და ჰურიანი იგი და ქალდეველნი, რომელნი იყუნეს მის თანა მასეფათსა, მოსრნა. 26და აღდგა ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდამდე და მთავარნი იგი ერისანი და შევიდეს ეგჳპტედ, რამეთუ ეშინოდა პირისაგან ქალდეველთასა. 27და იყო მეოცდაჩჳდმეტესა წელსა წარტყუენვასა იოაკიმისასა, მეფისა იუდასასა, მეათორმეტესა თვესა, ოცდაშჳდსა მის თვისასა, აღამაღლა ევლათ, მაროდაქ მეფემან ბაბილოვანისამან, წელიწადსა მას მეფობისა მისისასა, თავი იოაკიმისი, მეფისა იუდასი, და გამოიყვანა იგი სახლისა მისგან საპყრობილისა თჳსისა. 28და იტყოდა კეთილსა მის თანა, დადგა საყდარი მისი ზემო კერძო საყდართა მეფისათა, რომელნი იყუნეს მის თანა ბაბილონს. 29და შეუცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისა და ჭამდა პურსა მარადის წინაშე მისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა. 30და როჭიკი მისი მარადის როჭიკად მიეცემოდა სახლისაგან სამეუფოსა ნაწილი დღისა დღესა ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. |
წინა თავი |