მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მეოთხე მეფეთა წიგნი |
თავი 8 |
1და ეტყოდა ელისე დედაკაცსა მას, რომლისა განაცოცხლა ძე მისი, და ჰრქუა: აღვედ და წარვედ, შენ და სახლი შენი, და მწირობდი, სადაცა განგემარჯოს, რამეთუ მოუწოდა უფალმან სიყმილსა ქუეყანასა ამას და ყოფად არს სიყმილი ქუეყანასა ამას ზედა შჳდ წელ. 2და აღდგა დედაკაცი იგი და ყო მსგავსად სიტყჳსა მის ელისესსა. და წარვიდა იგი თავადი და სახლი მისი და მწირობდა ქუეყნასა მას უცხოთესლთასა შჳდ წელ. 3და იყო, შემდგომად შჳდთა მათ წელთა სიყმილისათა მოიქცა დედაკაცი იგი ქუეყანით უცხოთესლთათ, მოვიდა და ღაღადებდა წინაშე მეფისა სახლისა თჳსისა და აგარაკისა თჳსისათჳს. 4და მეფე ეტყოდა გეზის, მსახურსა მას ელისესსა, კაცისა მის ღმრთისასა, და ჰრქუა: მითხარ შენ მე ყოველი იგი დიდ-დიდი, რომელ ქმნა ელისე. 5და იყო, ვიდრე უთხრობდა იგი მეფესა, ვითარ განაცოცხლა ძე იგი დედაკაცისა მის მომკუდარი და, აჰა, დედაკაცი იგი, რომლისა განაცოცხლა ძე იგი მისი ელისე, ღაღადებდა მეფისა მიმართ სახლისა თჳსისათჳს და ქუეყანისა თჳსისათჳს, და ჰრქუა გეზი: უფალო მეფე, ესე დედაკაცი არს და ესე ძე მაგისი, რომელ განაცოცხლა ელისე. 6და ჰკითხა მეფემან დედაკაცსა მას და მან უთხრა მას და მისცა მას მეფემან საჭურისი ერთი და ჰრქუა: უკუმოაგე მაგას ყოველივე მაგისი და ყოველივე ნაყოფი ქუეყანისა მაგისისა, ვინაჲთგან დაუტევა ქუეყანა ესე ვიდრე აქა ჟამამდე. 7და მივიდა ელისე დამასკედ და ძე ადერისი, მეფე ასურასტანსა, სნეულ იყო და უთხრეს მას და ჰრქუეს: მოვიდა აქა კაცი ღმრთისა. 8და ჰრქუა მეფემან აზაელს: მიიღე ჴელთა შენთა მანანა და მიეგებოდე კაცსა მას ღმრთისასა და ჰკითხე მის მიერ უფალსა და არქუ: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა? 9და წარვიდა აზაელ წინამიგებებად ელისესა და წარმოიღო ძღუენი ჴელითა თჳსითა და ყოველი კეთილი დამასკისა აქლემითა ორმეოცითა, მივიდა და დადგა წინაშე ელისესა და ჰრქუა: მამაო ელისე, შვილმან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან მომავლინა მე შენდა და თქუა: აღ-მე-ვდგეა სნეულებისა ამისგან ჩემისა? 10და ჰრქუა მას ელისე: მივედ და არქუ მას: ცხორებით სცხონდე. და მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ სიკუდილით მოკუდეს. 11და დადგა აზაელ წინაშე პირსა ელისესა კრძალვით და ტიროდა კაცი იგი ღმრთისა. 12და ჰრქუა აზაელ: რაჲსა სტირ, უფალო ჩემო? და ჰრქუა მას ელისე: უწყი, რავდენ-რა უყო შენ ძეთა ისრაჱლისათა, ძნელოვანნი მათნი ცეცხლითა მოსწუნე და რჩეულნი მათნი მახჳლითა მოსწყჳდნე და ჩჳლნი მათნი მოსრნე მახჳლითა და მაკენი მათნი განაპნეთ. 13და ჰრქუა აზაელ: ვინ არს მონა ესე შენი ძაღლი ერთი, ვითარმცა ქმნა მსგავსად სიტყჳსა მაგის დიდისა? და ჰრქუა ელის: მიჩუენა მე უფალმან, რამეთუ მეფობდე შენ ასურასტანსა ზედა. 14და წარვიდა აზაელ და მივიდა უფლისა თჳსისა და ჰრქუა მას, რა თქუა ელისე, და თქვა აზაელ: მრქუა მე, ვითარმედ ცხორებით ცხონდეს. 15და იყო, ხვალისგან მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა და მიიბურა პირსა თჳსსა და მოკუდა, და დადგა მეფედ მის წილ აზაელ. 16წელსა მეხუთესა იორამისასა, ძისა აქაბისა, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა იორამ, ძე იოსაფატისი, იუდეასა ზედა. 17და იყო იგი ოცდაათორმეტის წლისა დაჯდომასა მას მისსა და მეფობდა ორმეოც წელ იერუსალიმს ზედა. 18და ვიდოდა გზათა მეფეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ქმნა სახლმან აქაბისამან, რამეთუ ასული აქაბისი ესვა ცოლად მისა, და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა. 19და არა უნდა უფალსა განრყუნად იუდა დავითისთჳს, მონისა თჳსისა, ვითარცა ეტყოდა მას მიცემად მისა სანთელი და ძესა მისსა ყოველთა დღეთა. 20და დღეთა მისთა ეცრუვა ედომი ქუეშე ჴელსა იუდასსა და დაიდგინეს მათ ზედა მეფე. 21და განვიდა იორამ სეირით და ყოველი ეტლები მისი მის თანა. და იყო, მსთუად განთიადსა მას, ვიდრე ბნელღა იყო, დასცა ედომი და გარემო ზღუდენი მისნი და მთავარნი ეტლთა მისთანი და შეივლტოდა ერი იგი თჳთეული კარავად თჳსა. 22და განადგა ედომი ჴელსა იუდასასა და დღენდელად დღემდე, მას ჟამსა განადგა ლობნაცა. 23და ნეშტნი სიტყუათა იორამისთანი და ყოველნი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა. 24და დაიძინა იორამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა ქალაქსა მას დავითისასა და მეფობდა ოქოზია, ძე მისი, მის წილ. 25წელსა მას მეათორმეტესა იორამისასა, ძისა აქაბისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი. 26ოცდაორისა წლისა იყო ოქოზია დადგომასა მისსა მეფედ და წელიწად ერთ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა გოთოლია, ასული ზამბრესი, მეფისა ისრაჱლისა. 27და ვიდოდა გზათა აქაბისთა და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა სახლმან აქაბისმან, რამეთუ სიძე ეყო სახლსა მას აქაბისასა. 28და წარვიდა ოქოზია იორამის თანა, ძისა აქაბისა, წყობად აზაელისა, მეფისა მის ასურასტანელთასა, ჰრამოთ გალადისათ. და სცეს ასურთა მათ იორამი. 29და მოიქცა მეფე იორამ კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ ჰრამათს წყობასა მას მისსა აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა და ოქოზია, ძე იორამისი, მეფე იუდასი, გარდავიდა ხილვად იორამისა, ძისა აქაბისა, იეზრაელს შინა, რამეთუ სნეულ იყო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |