მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 1

1წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,

2ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა,

3ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს.

4იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი,

5წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს.

6რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს.

7განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან? მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები.

8ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი.

9როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია?

10დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი.

11მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე მუსრი.

12შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი.

13განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი.

14დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ. თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი.

15ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით.

16არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე ბუზღუნებთ.

17სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ შემომღაღადებდით?

18ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო?

19მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით.

20განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ.

21დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი.

22ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს,

23გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი.

24შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები.

25რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ.

26მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად.

27მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი.

28ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები.

29რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი.

30ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან.

31ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე.

32გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი.

33ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი.

34შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე.

35მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს.

36წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს.

37მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს.

38ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი,

39რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას,

40ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული.


შემდეგი თავი