მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 10

1თავის სანთიობოში რომ შევიდა ჩემი შვილი, დაეცა და მოკვდა.

2გადმოვამხეთ ყველამ ლამპრები და ჩემი მეზობლები, ყველანი მოვიდნენ ჩემს სანუგეშებლად. და მეც მშვიდად ვიყავი მეორე დღის საღამომდე.

3როცა ყველანი დამშვიდდნენ ჩემი ნუგეშისმცემლები, მე რომ მამშვიდებდნენ, ავდექი ღამით და გავიქეცი, და მოვედი, როგორც ხედავ, ამ ველზე.

4გადავწყვიტე აღარ დავბრუნდე ქალაქში, არამედ აქ დავრჩე, არ ვჭამო, არც ვსვა, არამედ განუწყვეგლივ ვიტირო და ვიმარხულო სიკვდილამდე.

5მოვეშვი ჩემს საფიქრალს და გაბრაზებულმა ვუპასუხე, ვუთხარი:

6ყველა დედაკაცზე უბრიყვესო! ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს დარდს და რაც ჩვენ შეგვემთხვა?

7რადგან სიონი, ჩვენი დედა, დარდით არის შეწუხებული, ყოველმხრივ დამცირებულია და მწარედ მოთქვამს.

8რადგან ახლა ჩვენ ყველანი მოვთქვამთ და დამწუხრებულნი ვართ, რადგან ყველანი მწუხარენი ვართ, შენ კი მხოლოდ შენ შვილზე მწუხარებ?

9შეეკითხე მიწას და გეტყვის, რომ მას მართებს გლოვა მის ამდენ ნაშიერზე, რომლებიც მის მკერდზე არიან დაცემულნი.

10მისგან არიან ყველანი შობილნი დასაბამიდან და სხვანიც მოდიან; და, აჰა, თითქმის ყველანი დასაღუპად მიდიან და გასაწყვეტად არის განწირული მათი სიმრავლე.

11მაშ, ვის უფრო მართებს მოთქმა, თუ არა მას, ვინც ესოდენი სიმრავლე დაკარგა, შენ კი ერთის დარდი გაქვს. თუ მეტყვი:

12არა ჰგავს ჩემი სატირალი დედამიწის სატირალს, მე ხომ ჩემი მუცლის ნაყოფი დავკარგე, რომელიც ვაებით ვშვი და ტანჯვით გავაჩინეო,

13მაგრამ მიწას მიწის წესი აქვს: ჩავლენ მასში მრავალნი, მაგრამ ახალნი ხომ მოდიანო, მე გეტყვი:

14როგორც შენ ბადებ ტანჯვით, ასევე აძლევს მიწა თავის ნაყოფს დასაბამიდან ადამიანს, რომელიც ამუშავებს მას.

15მაშ, ჩაიკალ შენში დარდი, მტკიცედ დაითმინე უბედურება, რომელიც შეგემთხვა.

16რადგან თუ მართლად აღიარებ ღვთის განგებას და დროულად მიიღებ მის რჩევას, განდიდებულ იქნები მსგავსთა შორის.

17მაშ, წადი ქალაქში შენს ქმართან. ხოლო მან მითხრა:

18არა, არ წავალ ქალაქში, აქ უნდა მოვკვდე.

19კიდევ ველარრაკე და ვუთხარი:

20ნუ გააკეთებ ამას, არამედ დაეთანხმე მრჩეველს; რამდენჯერ გაუბედურებულა სიონი? გაიქარვე დარდი იერუსალემის გამო.

21ხომ ხედავ, გაოხრებულია ჩვენი საწმიდარი, დანგრეულია ჩვენი სამსხვერპლო და დაქცეულია ჩვენი ტაძარი,

22დამცირებულია ჩვენი ქნარი, დადუმებულია ჩვენი გალობა, ბოლო მოეღო ჩვენს აღმაფრენას, ჩაგვიქრა სასანთლის შუქი, გაიძარცვა ჩვენი აღთქმის კიდობანი, შეგინებულია ჩვენი სიწმიდენი, და სახელი, ჩვენ რომ გვეწოდა, შელახულია, ჩვენი ერისშვილები შეურაცხყოფას განიცდიან, ჩვენს მღვდლებს ცეცხლში წვავენ, ჩვენი ლევიანები ტყვედ მიჰყავთ, ჩვენი ქალწულები შერცხვენილნი არიან, ჩვენი ქალები ძალით არიან დამორჩილებულნი, ჩვენი მართალნი გატაცებულნი არიან, ჩვენი ბავშვები გაიფანტნენ, ჩვენი მოყმენი მონებად იქცნენ, ჩვენი ვაჟკაცები დაუძლურდნენ.

23და, რაც ყველაზე უარესია, გაუქმდა სიონის დიდება, რადგან ბეჭედი მისი ჩვენს მოძულეთ ჩაუვარდა ხელში.

24მაშ, უკუიყარე შენი უზომო მწუხარება და მოიშორე შენი დიდი სატკივარი, რათა კვლავაც წყალობა მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა და მოგცეს შვება უზენაესმა, და სატანჯველისგან მოგასვენოს.

25როცა ამას ვეუბნებოდი, უეცრად განათდა მისი სახე და აელვარდა მისი მზერა, ისე რომ შემეშინდა მისი და ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ეს.

26და აჰა, მან უეცრად გამოსცა ისეთი ძლიერი და შემზარავი ხმა, რომ შეიძრა ქალის ხმაზე მიწა.

27და აჰა, გაუჩინარდა ქალი ჩემს თვალწინ, მაგრამ აღიმართა ქალაქი და გამოჩნდა დიდი საძირკვლებიანი ადგილი; მე შემეშინდა და ხმამაღლა ვიყვირე, ვთქვი:

28სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.

29ამას რომ ვამბობდი, მოვიდა ურიელი ჩემთან და დამინახა.

30და აჰა, ვეგდე, როგორც მკვდარი, ცნობა მქონდა წართმეული; ხოლო მან მარჯვენა დამიჭირა, მომაღონიერა და ფეხზე დამაყენა, მითხრა:

31რა დაგემართა? რად არის გონება არეული, გული შეშფოთებული? რამ აგაღელვა? მე ვთქვი:

32რადგან გამწირე, მე კი შენი სიტყვისამებრ მოვიქეცი, გავედი ველად და, აჰა, დავინახე და ჯერაც ვხედავ იმას, რის მოყოლაც არ შემიძლია. ხოლო მან მითხრა:

33დადექი, კაცს როგორც შეჰფერის, და დაგარიგებ. მე ვთქვი:

34მელაპარაკე, ჩემო უფალო, ნუ მიმატოვებ, რომ არ მოვკვდე ტყუილუბრალოდ,

35რადგან ვიხილე, რაც არ ვიცოდი, და მესმის, რაც არ ვიცი.

36ან იქნებ მატყუებს გონება და სიზმრებს ხედავს ჩემი სული?

37ახლა გევედრები, განუმარტო შენს მორჩილს ეს ხილვა. მან მიპასუხა და თქვა:

38მისმინე და გასწავლი, იმაზეც გეტყვი, რამაც შეგაშინა; რადგან უზენაესმა გაგიმჟღავნა ბევრი საიდუმლო.

39იგი ხედავს შენს სწორ გზას, რომ განუწყვეტლივ დარდობ შენს ხალხზე და დიდად მოთქვამ სიონის გამო.

40ეს არის აზრი ხილვისა, ცოტა ხნის წინ რომ მოგევლინა.

41მგლოვიარე ქალი რომ იხილე და დაუწყე ნუგეშისცემა,

42ახლა კი, ქალის სახეს რომ ვეღარ ხედავ, და აღმართული ქალაქი გეჩვენა,

43რომ გიამბო ქალმა თავისი შვილის უბედურება, ამას ასეთი განმარტება აქვს:

44ეს ქალი, რომელიც იხილე, და აღმართული ქალაქი, რომელსაც ახლა ხედავ, არის სიონი.

45რომ გითხარი ოცდაათ წელიწადს უნაყოფო იქნება-მეთქი, ეს ნიშნავს რომ ოცდაათი წელიწადია, რაც სიონში შესაწირავი არ ყოფილა მიტანილი.

46ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა, რომ ააშენა სოლომონმა ქალაქი და მიიტანა შესაწირავი. მაშინ მოხდა, რომ უნაყოფომ ვაჟი გააჩინა.

47ქალმა რომ გითხრა: წვალებით გამოვზარდეო, ეს იყო იერუსალიმში დამკვიდრება.

48რომ გითხრა: თავის სანთიობოში მიმავალი ჩემი შვილი მოკვდაო, უბედურება შეემთხვაო, ეს იერუსალიმის დანგრევას ნიშნავს.

49აჰა, მისი ხატი იხილე შენ, ძეს რომ ტიროდა და შენ ნუგეშისცემა დაუწყე მას. ეს ყველაფერი, რაც შეემთხვა მას, გამჟღავნებული უნდა ყოფილიყო შენთვის.

50ახლა კი ხედავს უზენაესი, რომ დამწუხრებული ხარ სულით და რომ გული გეტანჯება მის გამო, გაჩვენებს იგი თავისი დიდების ნათელს და თავისი მშვენების სილამაზეს.

51ამიტომ გითხარი, დარჩენილიყავი ველზე, სადაც სახლი არ აგებულა-მეთქი.

52რადგან ვიცი, რომ უზენაესმა უნდა გიჩვენოს ეს.

53ამიტომ გითხარი: წადი ველად, სადაც საძირკველი არ ჩაყრილა-მეთქი.

54რადგან ვერ გაძლებს კაცის ხელით ნაგები შენობა იმ ადგილზე, სადაც უზენაესის ქალაქი უნდა გამოცხადდეს.

55მაშ, ნუ გეშინია, ნუ შეძრწუნდეხა შენი გული: მიდი და იხილე შენობის ბრწყინვალება და სიდიადე, რამდენადაც შენს თვალებს ხილვის უნარი შესწევს.

56ამის შემდეგ მოისმენ, რამდენადაც შეძლებს მოსმენას შენი ყური.

57რადგან შენ სხვებზე მეტად ხარ ნეტარი და წოდებული უზენაესის მიერ მცირედთა მსგავსად.

58ხვალ ღამით აქ უნდა დარჩე

59და გაჩვენებს უზენაესი უმაღლეს ხილვებში ყველაფერს, რასაც უმზადებს უზენაესი მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში იცხოვრებს დედამიწაზე.

60და დავიძინე იმ ღამეს და მეორე ღამესაც, როგორც მებრძანა.


წინა თავი შემდეგი თავი