მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 12

1როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე:

2აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა.

3ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს:

4აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი.

5აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე.

6მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს.

7ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე,

8გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული.

9ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა:

10ეს არის ამ ხილვის განმარტება:

11არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები.

12მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა.

13აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება.

14გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით.

15მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.

16ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე.

17მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი,

18ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.

19მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე,

20ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება.

21შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.

22სამი უძრავი თავი რომ იხილე,

23ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე.

24და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.

25ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ.

26უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით.

27იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს.

28ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.

29ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი,

30ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო.

31ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე.

32ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.

33ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

34მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი.

35ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი.

36შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო.

37წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი.

38შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს.

39შენ კი დაჰყავი აქ კიდევ შვიდი დღე, რათა გამოგეცხადოს ხილვა, რაც უზენაესს აქვს შენთვის გამოსაცხადებელი.

40და წავიდა იგი ჩემგან. როცა გაიგო მთელმა ხალხმა, რომ გავიდა შვიდი დღე, რაც ქალაქში არ დავბრუნებულვარ, ყველანი დიდიან-პატარიანად შეიყარნენ, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს:

41ისეთი რა შეგცოდეთ, ან ისეთი რა დაგიშავეთ, რომ მიგვატოვე და ამ ადგილას დამჯდარხარ?

42შენ ხომ ერთადერთი შეგვრჩი წინასწარმეტყველთაგან, როგორც ვაზს მტევანი რთველის შემდეგ, როგორც სანთელი ბნელში, როგორც ნავსადგური ქარიშხალს გადარჩენილი ხომალდისთვის.

43განა არ კმარა უბედურებები, თავს რაც დაგვატყდა?

44თუ შენც გვწირავდი, ბარემ გადაბუგულ სიონთან ერთად გადავბუგულიყავით.

45განა რითი ვართ იქ დახოცილებზე უკეთესნი? ასე მოთქვამდნენ ხმამაღალი გოდებით. ვუპასუხე და ვუთხარი მათ:

46გამხნევდი, ისრაელო, ნუ სწუხხარ, იაკობის სახლო!

47არ წარხოცილა შენი ხსოვნა უზენაესის წინაშე და არ დავიწყნიხართ თქვენ ყოვლადძლიერს თქვენს განსაცდელში.

48არც მე გამიწირიხართ, არ წავსულვარ თქვენგან; არამედ მოვედი ამ ადგილას, რათა ვილოცო მოოხრებული სიონისათვის და შეწყალება გამოვითხოვო ჩვენი შეურაცხყოფილი საწმიდარისთვის.

49ახლა კი ყველანი წადით თქვენ-თქვენ სახლებში. ხოლო მე მოვალ თქვენთან ამ დღეების შემდეგ.

50დაბრუნდა ხალხი ქალაქში, როგორც დავარიგე.

51მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო


წინა თავი შემდეგი თავი