მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 15

1აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი,

2და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

3ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს.

4რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება.

5აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას.

6რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები.

7ამიტომ ამბობს უფალი:

8მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით.

9შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ.

10აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე,

11არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას.

12ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი.

13ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო.

14ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა!

15რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში.

16დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ.

17მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს,

18რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს.

19აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო.

20აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული.

21როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი.

22არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე.

23მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას.

24ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.

25არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს,

26რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი.

27მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას.

28აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი:

29მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს.

30რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს.

31ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად.

32ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს მიატრიალებენ გასაქცევად.

33აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.

34აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით სავსე.

35დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება,

36და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და ზარი დედამიწაზე,

37შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები.

38სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან.

39მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს, რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით.

40აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს,

41ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები,

42რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული.

43ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას.

44მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიგტირებენ მას.

45გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან.

46აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ,

47ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ შენთან ბოზობა!

48საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს ღმერთი:

49მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება

50დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება.

51დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა.

52განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი,

53გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა?

54ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე?

55შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს.

56როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ ღმერთი და ბოროტს მიგცემს.

57შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით, გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე.

58მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი.

59ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი.

60გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი ბაბილონისკენ გაბრუნებულნი.

61ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან.

62და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ;

63ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ.


წინა თავი შემდეგი თავი