მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
წიგნი მესამი ეზრასი* |
თავი 2 |
1ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების - წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი რჩევები. 2მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. 3სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით, რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის წინაშე. 4ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით, შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება. 5შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ, რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური. 6დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა არ იარსებოს მათმა მოდგმამ. 7ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი. 8ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას, 9რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს ყოვლისშვმძლვ უფალი. 10ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული; 11მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული. 12სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და არც დაღლა ეცოდინებათ. 13წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი. უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით. 14მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. 15დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი. 16აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი ჩემი სახელი ისრაელში. 17ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი. 18მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას, რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით დახუნძლული, 19და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს. 20სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი, 21იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება. 22შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის. 23სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს. 24შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება. 25კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე. 26არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ. 27ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. 28შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი. 29ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი შენმა შვილებმა. 30გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი. 31გახსოვდეს შენი მიძინებული შვილები, რადგან გამოვიყვან მათ ქვეყნის კიდეებიდან და მოწყალებას მოვიღებ მათზე, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. 32გულში გყავდეს ჩაკრული შენი შვილები, ვიდრე მოვალ და მოვიღებ მათზე მოწყალებას, რადგან უხვია ჩემი წყაროები და დაუშრეტელია ჩემი მადლი. 33მე, ეზრამ, მივიღე ღვთისგან ბრძანება ყორების მთაზე, რომ წავსულიყავი ისრაელში; იქ რომ მივედი, გამკიცხეს და უარყვეს ღვთის მცნება. 34ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს. 35მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ. 36გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ. 37მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ. 38წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი. 39ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს. 40ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა. 41შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე. 42მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს. 43მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო. 44მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო? 45მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ. 46და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს? 47მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის. 48მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |