მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 7

1ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა.

2მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან.

3ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი.

4მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია.

5თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს?

6ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე.

7მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი.

8მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს.

9როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?

10ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც.

11რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა.

12დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს.

13მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია.

14ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის.

15ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ?

16რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია?

17ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან.

18რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს.

19მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული.

20დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული.

21რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ.

22მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება.

23მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები,

24შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს.

25ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის.

26აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული.

27და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბთროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს.

28გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი.

29გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი.

30და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება.

31შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და დაიღუპება, რაც ხრწნადია.

32მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს.

33გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება.

34დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა.

35გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა.

36ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს;

37მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის ხანაში;

38დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ;

39ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა;

40ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის.

41თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე?

42მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის.

43განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი.

44მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება.

45მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე

46და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა.

47რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ სასჯელს მოელის?

48ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ.

49რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს ვაკეთებთ?

50რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი ამაოებაში ვართ.

51რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი.

52რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ.

53რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს,

54ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი.

55რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია.

56არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ.

57მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა.

58თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები.

59რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო.

60მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ.

61რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო, რომელთაც გაინაღდეს ხსნა.

62ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ წუთისოფელში.

63და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ.

64რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც თავისი ქმნილებისადმი.

65რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ.

66რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან.

67თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება წუთისოფელს და მის მკვიდრთ.

68რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი ცოდვების გამო.

69რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან.


წინა თავი შემდეგი თავი