მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მაკაბელთა წიგნი*
თავი 1

1როცა ფილოპატორმა უკან დაბრუნებულთაგან შეიტყო, რომ ანტიოქოსი დაეპატრონა მის კუთვნილ მიწებს, უბრძანა მთელ ლაშქარს - ქვეითებს და მხედრობას, წაიყვანა არსინოე, თავისი და, და გაემართა რაფიას მხარეში, სადაც ანტიოქოსის ჯარები იყო დაბანაკებული.

2მაგრამ ვიღაც თეოდოტოსმა გადაწყვიტა ჩანაფიქრის შესრულება: წამოიყვანა მისდამი პტოლემეოსის განკარგულებით მინდობილი შეიარაღებული ხალხი და ღამით პტოლემეოსის კარავში შეაღწია, რათა პირისპირ მისჭროდა და მოეკლა მეფე და ამით ბოლო მოეღო ომისთვის.

3მაგრამ დააღალატა იგი დოსითეოსმა, დრიმილოსის ძემ, ტომით იუდაელმა, რომელმაც მოგვიანებით უარყო რჯული და მამა-პაპის მცნებებს უცხოური ამჯობინა. მან შეუშვა კარავში ვიღაც უაზნო კაცი, რათა პტოლემეოსისთვის გამიზნული სასჯელი მას დასტეხოდა თავს.

4როცა მოხდა სასტიკი ბრძოლა და ანტიოქოსს საქმეები გამოუსწორდა, არსინოემ მოიარა ჯარები, ცრემლებითა და მუდარით, თმაგაშლილი ემუდარებოდა მათ, მხნედ ებრძოლათ საკუთარ თავისთვის, საკუთარი შვილებისა და ცოლებისთვის. გამარჯვებულებს იგი თითოეულს ორ მნა ოქროს აღუთქვამდა.

5ხელჩართულ ბრძოლაში მტერმა მარცხი განიცადა და ბევრი ჩავარდა ტყვედ.

6საწადელი რომ აღისრულა, პტოლემეოსმა განიზრახა, მეზობელ ქალაქებშიც ჩასაულიყო და გაემხნევებინა ისინი.

7ეს რომ გააკეთა და სალოცავებშიც ძღვენი ჩამოარიგა, გაამხნევა ქვეშევრდომებიც.

8როცა იუდაელებმა საბჭოსგან და უხუცესთაგან გაუგზავნა მას ელჩები მისალოცად, ძღვენის მისართმევად და სიხარულის გამოსახატავად მომხდარი ამბების გამო, მანაც მოისურვა, რაც შეიძლება მალე შეხვედროდა მათ.

9იერუსალიმში რომ ჩავიდა, მსხვერპლი შესწირა და მადლი მიაგო უზენაეს ღმერთს; ყველაფერი შეასრულა, რაც ამ ადგილს ეკადრებოდა. როცა ამ ადგილზე მოხვდა და მისი დიდებულებითა და მშვენებით მოიხიბლა,

10საწმიდარის ჰაეროვნებით განცვიფრებულმა წმიდათა წმიდაში შესვლა მოისურვა.

11უთხრეს: წესი არ არის, არა მარტო ჩვენს ხალხს ეკრძალებათ იქ შესვლა, არამედ მღვდლებსაც კი; მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს ამის ნება და ისიც წელიწადში ერთხელ. მაგრამ ვერაფრით ვერ დაარწმუნეს მეფე.

12გააცნეს რჯულიც, მაგრამ არც ამან გადაათქმევინა მეფეს განზრახული. ამბობდა, რომ მას უფლება აქვს, შევიდეს ტაძარში. თუ ისინი მოკლებული არიან ამ პატივს, მე არაფერი დამაბრკოლებსო.

13იკითხა, თუ რატოშ არავინ არ შეაჩერა იქ მყოფთაგან, როცა სხვა კვრივებში შედიოდა.

14მაშინ ვიღაცას დაუფიქრებლად წამოსცდა, ცუდი იყო, ასე რომ მოხდაო.

15რაკი ეს უკვე მოხდა, თქვა მეფემ, რაღაც მიზეზის გამო, რატომ არ შევიდე იმისდა მიუხედავად, გსურთ თქვენ ეს თუ არა?

16მაშინ მღვდლები, სრულად შემოსილნი, დაემხნენ მიწაზე, შეწევნას თხოვდნენ უზენაეს ღმერთს, რათა დაეოკებინა ბოროტი ზრახვებით შემოჭრილი მოძალადე, და მოთქმითა და ცრემლებით აავსეს ტაძარი.

17ქალაქში დარჩენილნი, შეშფოთებულები გამოცვივდნენ გარეთ; იფიქრეს, რაღაც უცნაური რამ მოხდაო.

18თავიანთ ოთახებში ჩაკეტილი ქალწულები დედებთან ერთად გამორბოდნენ, ნაცარს იყრიდნენ თმებზე, მოთქმა-გოდებით ავსებდნენ ქუჩებს.

19საქორწინოდ მოკაზმული ქალიშვილები სტოვებდნენ სიძესთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობებს და კდემადაკარგულნი უწესოდ დარბოდნენ ქალაქში.

20დედები და ძიძები ტოვებდნენ ახალშობილ ბავშვებს, ზოგი სახლში, ზოგიც ქუჩაში და უკანმიუხედავად გარბოდნენ უზენაესი ტაძრისკენ.

21მრავალგვარი იყო ვედრება ტაძართან თავმოყრილი ხალხისა მეფის მკრეხელური განზრახვის გამო.

22ზოგი მოქალაქე შეეცადა კიდეც, ხელი შეეშალა მეფისთვის განზრახულის შესრულებაში.

23მოუწოდეს ხალხს, იარაღი აეღოთ და თავი შეეწირათ რჯულის დასაცავად, და არეულობა გამოიწვიეს წმიდა ადგილას. მაგრამ უხუცესებმა და მღვდლებმა დააშოშმინეს და ისინიც სხვებივით ლოცვა-ვედრებას მოჰყვნენ.

24ხალხი კვლავ ლოცულობდა,

25მეფესთან მყოფი უხუცესები კი ყველანაირად ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეფე, ხელი აეღო თავხედურ განზრახვაზე,

26მაგრამ გაკადნიერებული მეფე, ყველაფრის უგუბელმყოფელი, წინ მიიწევდა, რათა ბოლომდე შეესრულვბინა ნათქვამი.

27ამის შემხედვარე მეფის თანმხლებმა პირებმა ჩვენიანებთან ერთად დაიწყეს ლოცვა ყოვლადძლიერისადმი, რათა ეხსნა ისინი გასაჭირისგან, არ ენახვებინა მათთვის ურჯულო და კადნიერი საქმე.

28ერთი გუგუნი იდგა სასოწარკვეთილი ხალხის გაბმული მოთქმისა და შეძახილებისგან.

29კაცს ეგონებოდა, რომ არა მხოლოდ ადამიანები გამოსცემენ ხმას, არამედ კედლებიცა და მთელი არემარეც. ამ დროს ყველას სიკვდილი ერჩია ადგილის შეგინებას.


შემდეგი თავი