მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
მესამე მაკაბელთა წიგნი* |
თავი 7 |
1მეფე პტოლემეოს ფილოპატორი ეგვიპტის სარდალს და ყველა ხელისუფალს მშვიდობით მოვიკითხავ. 2კარგად ვართ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, რადგან ჩვენი სურვილებისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეებს მაღალი ღმერთი. 3ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენთვის ავის განმზრახველი გვაიძულებდა სამეფოს მკვიდრი იუდაელებისათვის ერთიანად მოგვეყარა თავი და უჩვეულო სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი. 4იმასაც დასძენდნენ, ჩვენი სახელმწიფო მანამ არ განმტკიცდება, სანამ არ აღვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ყველა ხალხისადმი სიძულვილი აქვთ იუდაელებსო. 5ძალით წამოასხეს იუდაელები, ბორკილდადებულნი, როგორც მონები ან უფრო, დამნაშავენი; ექცეოდნენ მათ უფრო სასტიკად, ვიდრე სკვითები მოექცეოდნენ და ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე სურდათ მათი დაღუპვა. 6ჩვენ კი მკაცრად ავუკრძალეთ ამის ჩადენა და იმ კეთილგანწყობილებისამებრ, რასაც ყოველი ადამიანისადმი ვიჩენთ, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს; ხოლო როცა მივხვდით, რომ ცათა ღმერთი ნამდვილად მფარველობს მათ, როგორც მამა შვილს, 7როცა გავიხსენეთ მათი მეგობრობა და ერთგულება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრებისადმი, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი დანაშაული გვეპატიებინა მათთვის, 8დავადგინეთ, რომ ყველანი დაბრუნებულიყენენ თავთავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და არავის არ ევნო მათთვის და არ წაეყვედრებინა მომხდარი ამბის გამო. 9იცოდეთ, თუკი ჩვენ რაიმე ავს განვიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შევაწუხებთ მათ, ყველაფრისათვის პასუხს მოგვკითხავს უცილობელად არა ადამიანი, არამედ ყოველთა ძალთა გამრიგე - უზენაესი ღმერთი. მშვიდობით იყავით. 10წერილი რომ ჩაიბარეს იუდაელებმა, არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს თხოვეს, რომ იმ იუდაელებს, რომლებიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს და ღმერთის რჯულს, მათი ხელით მიეღოთ დამსახურებული სასჯელი; 11თან დასძინეს, რომ კუჭის გამო ღვთიურ მცნებათაგან განდგომილნი არც სამეფო საქმეების ერთგულნი იქნებიანო. 12მეფემაც შეიწყნარა თხოვნა და დაუდასტურა, რომ მართალნი არიან, და მისცა მათ ნება, რომ ღმერთის რჯულისგან განდგომილნი მოესპოთ ყველგან, მის სამეფოში, მეფის მოხელეთა ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე. 13მაშინ შეასხეს ხოტბა მეფეს, როგორც ეკადრებოდა და მღვდლებმა და მთელმა ხალხმა იგალობეს ალილუია, და სიხარულით წავიდნენ. 14ხოლო თავიანთ გზაზე, ვისაც კი ხვდებოდნენ წაბილწულ თვისტომთაგან, საჯაროდ სჯიდნენ სამარცხვინო სიკვდილით. 15იმ დღეს გაანადგურეს სამასზე მეტი კაცი, და ხარობდნენ, რომ ხოცავდნენ განდგომილებს. 16სიკვდილამდე ღმერთის ერთგულნი კი, რომლებიც ხსნის სიხარულით იყვნენ ავსებულნი, გამოვიდნენ ქალაქიდან მრავალფერი სურნელოვანი ყვავილებით დაგვირგვინებულნი, ხმამაღლა და სიხარულით მადლობდნენ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, ისრაელის საუკუნო მხსნელს, აღუვლენდნენ სადიდებელ სიტყვებს და საგალობლებს. 17როცა ჩავიდნენ პტოლემაისში, რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა, აქ საერთო გადაწყვეტილებისამებრ, შვიდი დღე ელოდებოდნენ ხომალდები; 18და აქაც გამართეს სმურობა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგან მეფემ მოამარაგა ისინი საკმარისი საგზლით, რომ სახლებში დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ, 19რაკი აქამდე მშვიდობით მიაღწიეს, ჯეროვანი მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს, რომ აქ დგომის დღეებიც სადღესასწაულოდ გაეხადათ. 20აკურთხეს კიდეც ეს დღეები და ნადიმის შემდეგ წარწერიანი სვეტები ლოცვის ადგილებში აღმართეს; მერე ზღვით, ხმელეთით და მდინარით ყველანი თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ უვნებელნი, თავისუფალნი, გახარებულნი, მეფის განკარგულებით დაცულნი. 21უწინდელზე მეტად ძალმოსილებმა დიდება და რიდი მოიხვეჭეს მტერთა შორის და მათი საბადებელი აღარავის მიუტაცებია. 22ყველამ თავისი კუთვნილი ქონება დაიბრუნა სიის მიხედვით; დიდის მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგან დიადი საქმეები მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა მათი ხსნისათვის. 23კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი სამარადჟამოდ, ამინ! |
წინა თავი |